კახა კალაძე: სააკაშვილს „ლამბორჯინზე“ „ვაპიპინებინებდი“

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით, პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთა.

„კი, „ვაპიპინებინებდი“ „ლამბორჯინზე“, თუმცა ისიც მითხრეს, რომ თურმე გირგვლიანთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არ ახსოვს, არ დაიმახსოვრა. ეს მართლაც ძალიან მძიმე იყო. მახსოვს ის გადაცემა, ინგა გრიგოლიასთან ვიყავით პირდაპირ ეთერში. მე არასდროს მოვრიდებივარ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სპორტით ვიყავი დაკავებული. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვსაუბრობდი, თუ რამე კარგი კეთდებოდა ჩემს ქვეყანაში და მიხაროდა. ასევე, ვსაუბრობდი იმ ნეგატიურ და პრობლემურ საკითხებზე, რომელიც მაწუხებდა მე და აწუხებდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. შესაბამისად, ძალიან არ ესიამოვნათ ის, თუ რაზე გავაკეთე მაშინ აქცენტები. ზუსტად მას შემდეგ დაიწყო პრობლემები. არსენალთან დაკავშირებით საინვესტიციო ვალდებულება რაც გვქონდა აღებული, პრობლემების შექმნა დაიწყეს. დღეს კი ამბობს, რომ თვითონ არაფერ შუაშია, ეკონომიკის მინისტრი იღებდა გადაწყვეტილებასო, მაგრამ ვის სჯერა ამის?! ბავშვები არავინ ვართ. ასეთ გადაწყვეტილებას მის გარეშე ვერავინ მიიღებდა, მითუმეტეს, მაშინ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ურთიერთობის შეცვლა შურისძიება იყო.

„რა თქმა უნდა, ეს იყო შურისძიება. ასევე, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მე მაშინ პოლიტიკაში არ ვიყავი, სპორტით ვიყავი დაკავებული. არც ბიძინა ივანიშვილს ვიცნობდი. უბრალოდ გაგებული მქონდა, რომ იყო ქველმოქმედი და ძალიან ბევრ კეთილ საქმეს აკეთებდა. ბიძინა ივანიშვილი 2011 წელს გავიცანი, სანამ ზოგადად, მივიღებდი გადაწყვეტილებას პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით. მანამდე შეხება არასდროს მქონია“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მათ შორის არსებული ურთიერთობა არსენალის მთაზე მიმდინარე მშენებლობების შემდეგ შეიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები