თურქეთში კორონავირუსის B.1.621, იგივე “მიუ” შტამით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ფართოდ არის გავრცელებული მხოლოდ “დელტა” და “დელტა პლუსის” შტამები.
მინისტრის თქმით, ვაქცინაციის პროცესის გაფართოებასთან ერთად, შემუშავდება კოლექტიური იმუნიტეტი და ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი კლებისკენ წავა.
რაც შეეხება “მიუ” შტამს – ის პირველად იანვარში კოლუმბიაში აღმოაჩინეს, არის ჯანმო-ს მონიტორინგის სიაში შეყვანილი და ორგანიზაციის მეცნიერებისთვის “ინტერესის საგანს” წარმოადგენს. დღეს ვირუსის ეს ვარიანტი, სულ მცირე, 39 ქვეყანაშია დადასტურებული.
ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI) ხელმძღვანელმა, სეთ ბერკლიმ თქვა, რომ “მიუ” შტამი იწვევს ინტერესს, განსაკუთრებით, მისი მაღალი გადამდებობისა და იმუნიტეტის თავიდან აცილების პოტენციალის გამო.
კოლუმბიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტისა და ჯანმრთელობის ტროპიკების კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა ამ შტამის გენომის სპაიკ-ცილაში 146 N ჩანართი აღმოაჩინეს, რომლის მნიშვნელობა ჯერ უცნობია.
“სპაიკ-ცილაში 146 N-ის ჩანართი არის პირველი ასეთი ტიპის შემთხვევა; ამიტომ, მისი შედეგები ინფექციურობის, გადადებისა და პათოგენეზის თვალსაზრისით ჯერ უცნობია”, – აღნიშნავენ მეცნიერები.