უკრაინაში გერმანიის ელჩი: ნატო-ს კონფლიქტების მქონე ქვეყნების მიღება უჭირს

უკრაინაში გერმანიის ელჩი, ანკა ფელდგუზენი მიიჩნევს, რომ დონბასში სამხედრო კონფლიქტი და რუსეთის მიერ ყირიმის დროებითი ოკუპაცია არის დაბრკოლებები უკრაინის ნატო-ში შესვლისთვის, მაგრამ სჯერა, რომ ოდესმე გაიხსნება წევრობის “შესაძლებლობის ფანჯარა”.

ამის შესახებ ელჩმა  ТСН.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

“თქვენ იცით, რომ ნატო 30 წევრი ქვეყნისგან შედგება. კონსენსუსის მიღწევა  ადვილი არ არის. უკრაინამ ეს იცის. თქვენ ძალიან აქტიურად მუშაობდით ცალკეული ქვეყნების დასარწმუნებლად. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ უკრაინაში არის სამხედრო კონფლიქტი. ეს ყოველთვის რთულია ნატო-სთვის – მიიღოს ახალი ქვეყნები, სადაც არის ასეთი კონფლიქტები,” – თქვა დიპლომატმა.

ელჩმა აღნიშნა, რომ MAP-ის მიღება, სხვა საკითხებთან ერთად, დამოკიდებულია პოლიტიკურ პირობებზე და აუცილებელია თანდათან წევრი ქვეყნების დარწმუნება, რომ უკრაინას სჭირდება წევრობის სამოქმედო გეგმა.

“ნამდვილად უნდა დაარწმუნოთ ნატო-ს ერთი ქვეყანა, მეორე, მესამე. და როდესაც ბევრი ქვეყანა იქნება, ვისაც მოენდომება უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება, დანარჩენ ქვეყნებზე ზეწოლა გაცილებით მარტივი იქნება. ეს, ჩემი აზრით, არის ერთადერთი გზა. და, რა თქმა უნდა, უნდა ესაუბროთ აშშ-ს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს. ეს არის ერთადერთი გზა, რომლის გავლა ახლა უკრაინას შეუძლია”, – თქვა გერმანიის წარმომადგენელმა.

ფელდგუზენმა აღნიშნა, რომ მას პირადად სურს, უკრაინამ მიიღოს MAP-ი ვილნიუსის სამიტზე 2023 წელს, მაგრამ მას არ შეუძლია, “გავლენა მოახდინოს ნატო-ს 30 წევრ ქვეყანაზე”.

მან ესტონეთის თავდაცვის მინისტრის სიტყვების ციტირება მოახდინა, რომელმაც ურჩია უკრაინელებს, მზად იყვნენ წევრობისთვის, როდესაც “შესაძლებლობების ეს ფანჯარა გაიხსნება”.

“დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება”, – თქვა ფელდგუზენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები