დავით ზალკალიანი: სესხზე უარი არ ნიშნავს რეფორმებზე უარის თქმას
“ყველა ტრანშსა და სესხს აქვს თავისი პირობა. სესხზე უარის თქმა არ ნიშნავს რეფორმებზე უარის თქმას”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მაკროფინანსურ დახმარებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს.
„ოპონენტები შეეცადნენ, რომ ეს განცხადება და ევროკავშირის პოზიცია ამ ტრანშთან დაკავშირებით წარმოეჩინათ ისე, თითქოს, ეს არის სამყაროს დასასრული, რომ ეს არის დასრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის. ყველა ტრანშსა და სესხს აქვს თავისი პირობა. სესხზე უარის თქმა არ ნიშნავს რეფორმებზე უარის თქმას. ეს რეფორმები მიმდინარეობს და მომავალშიც განხორციელდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის რეფორმები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ განხორციელდა. მინდა, ძალიან მკაფიოდ იცოდნენ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა და იციან, რომ ჩვენ რა ვალდებულებებიც გვაქვს, იმ ვალდებულებებს ვასრულებთ. ეს ხომ პროცესია, არ დასრულებულა პროცესი. 19 აპრილის შეთანხმებაში შავით თეთრზე წერია, რომ პროცესი დასრულება 2022 წლის გაზაფხულზე და ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. სასამართლო რეფორმა, ის მემკვიდრეობაა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო, ცხრა წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გაკეთდა. აუცილებლად მივალთ იმ სასურველ ნიშნულამდე, რომელიც იქნება მისაღები, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ისე ჩვენთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი არის შესრულებული და ხშირად არის ხოლმე, მოკავშირეებს შორისაც არის აღქმებში განსხვავებები“, – განაცხადა მინისტრმა.