ვიცეპოლკოვნიკ პაველ შმიდტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Substantial NATO-Georgia Package – SNGP) სპეციალური ოპერაციების ძალების ინიციატივის ხელმძღვანელთან, ვიცეპოლკოვნიკ პაველ შმიდტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ პოლონელი ოფიცერი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით – „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა და გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.
ვიცეპოლკოვნიკი პაველ შმიდტი საქართველოში 2017 წლის სექტემბრიდან იყო მოვლენილი და ოთხი წლის განმავლობაში ქართულ მხარეს აღნიშნული მიმართულების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა.
ვიცეპოლკოვნიკ პაველ შმიდტის მხარდაჭერა განსაკუთრებით აღსანიშნავია ნატო-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობასა (NATO Special Operations Headquarter -NSHQ) და ქართულ მხარეს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქართული სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.
გამოსამშვიდობებელ შეხვედრას სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი, სპეციალური ოპერაციების ძალების, ნატო-ს ძირითადი ჯგუფისა და SNGP-ის განხორციელების სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.