ევროკავშირმა აშშ კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო და შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაცია გასცა

ევროკავშირმა შეერთებული შტატები კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო და გასცა რეკომენდაცია შეერთებულ შტატებიდან ჩამოსული ვიზიტორებისთვის COVID-19 შეზღუდვების აღდგენის შესახებ.

რეკომენდაციის გაცემის მიზეზი გახდა ის, რომ აშშ-ში ბოლო კვირებში კორონავირუსით ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მკვეთრი მატება შეინიშნება. თუმცა, ეს რეკომენდაცია ცალმხრივ ხასიათს ატარებს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ორი თვის წინ ევროკავშირმა ამერიკელი ტურისტებისთვის შეზღუდვების ნაწილი მოხსნა, შეერთებულ შტატებში ევროპიდან მოგზაურებისთვის კარი ისევ დახურული რჩება.

ევროკავშირისთვის “უსაფრთხო სიაში” ქვეყნის შეყვანის ბარიერი არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ქვეყანაში 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 75 დაავადებულს არ აღემატება 14 დღის განმავლობაში.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ფედერალური ცენტრების უახლესი მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 300-ზე მეტი შემთხვევაა 100 ათას ადამიანზე.

ევროკავშირის სიიდან ასევე ამოღებულია ისრაელი, კოსოვო, ლიბანი, მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები