ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შემდეგ, “თალიბანში” განაცხადეს, რომ ვაშინგტონთან კარგი ურთიერთობის დამყარების სურვილი აქვთ.
როგორც დაჯგუფების სპიკერმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, “ჩვენ გვინდა კარგი ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და მთელს მსოფლიოსთან. ჩვენ მივესალმებით ყველასთან კარგ დიპლომატიურ ურთიერთობას.”
მუჯაჰიდმა ყველა ავღანელს გამარჯვება მიულოცა.
”ვულოცავთ ავღანეთს, ეს გამარჯვება ჩვენ, ყველას გვეკუთვნის”, – თქვა მან.
მუჯაჰიდმა ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 31 აგვისტოს დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე ქვეყანა უკანასკნელმა ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა დატოვა და აეროპორტში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცები გაიყვანა.
თუმცა, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, ქვეყანაში დარჩენილნი არიან აშშ-ის მოქალაქეები და ამიერიდან სამხედრო მისიის დასრულებისთანავე დაიწყება დიპლომატიური მისია.
ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანის შემდეგ, განცხადება სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააკეთა, რომელმაც ფუნდამენტალისტურ ისლამურ მოძრაობასთან თანამშრომლობის ალბათობა დაუშვა, თუ ის შეასრულებს თავის “ვალდებულებებს” გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად, ყველა ავღანელის უფლებების პატივისცემასა და ინკლუზიური მთავრობის ფორმირებაში.
“თალიბანი” ცდილობს, მოიპოვოს საერთაშორისო აღიარება და მხარდაჭერა. ჩვენ ვპასუხობთ ამას: ლეგიტიმურობა და მხარდაჭერა უნდა დაიმსახურო”, – აღნიშნა ბლინკენმა.
ასევე, მისი თქმით, აშშ-ს დიპლომატიური მისია ავღანეთიდან ყატარის დედაქალაქ დოჰაში გადააქვს.
ბლინკენის თქმით, ავღანეთში 100-დან 200-მდე ამერიკელი მოქალაქე რჩება და პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები ავღანეთიდან მათ გამოყვანას უზრუნველყოფს, მიუხედავად იმისა, რომ ევაკუაცია დასრულებულია.