დიმიტრი ხუნდაძე: რაც უფრო სწრაფად მივიღებთ ვაქცინაციის ჩატარების გადაწყვეტილებას, შევძლებთ ქვეყნის ეპიდუსაფრთხოების დაცვას
“ჩვენ ფიქრის დრო არ გვაქვს, რაც უფრო სწრაფად მივიღებთ ამ სწორ გადაწყვეტილებას, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ჩვენ დავიცავთ საკუთარ ჯანმრთელობას, გავუფრთხილდებით სხვის ჯანმრთელობას, ყველა ერთად შევძლებთ ქვეყნის ეპიდუსაფრთხოების დაცვას”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, რეგულაციების გამკაცრების საჭიროება საზოგადოების ქცევაზეა დამოკიდებული.
„ინფიცირების ასაკმა საკმაოდ დაიწია. დღეს 90 ბავშვი კოვიდკლინიკებში მკურნალობს. რამდენიმე მათგანი არის საყურადღებო, სულ მცირე ნაწილი, მაგრამ ერთიც ძალიან ბევრია, რომელსაც კრიტიკული მდგომარეობა აქვს და ექიმები ყველაფერს აკეთებენ გადასარჩენად. დღეს ქვეყანაში 90%-ზე მეტი არის “ინდური შტამის” შემთხვევები. არის ორსულებში ინფიცირების ფაქტები და ლეტალური გამოსავალიც კი. მინდა, საზოგადოების ყურადღება გავამახვილო განსაკუთრებით ამ სეგმენტზე – ბავშვებსა და ორსულებზე. ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში რეკომენდებულია მათი აცრა, რომ დაცულები იყვნენ თვითონაც და ნაყოფიც გართულებებისაგან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ფიქრის დრო არ გვაქვს. რაც სწრაფად მივიღებთ ამ სწორ გადაწყვეტილებას, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ჩვენ დავიცავთ საკუთარ ჯანმრთელობას, გავუფრთხილდებით სხვის ჯანმრთელობას და ყველა ერთად შევძლებთ ქვეყნის ეპიდუსაფრთხოების დაცვას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.