“გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში რატომ არ გამოცხადდა “ლოკდაუნი?” მხოლოდ იმიტომ, რომ ოქტომბერში არჩევნებია” – სანდრო თვალჭრელიძე
“ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ ჩვენ, ყველა ვიქეცით პოლიტიკური ძალების მძევლებად. ეს ძალები – ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში მყოფი – ცდილობენ, ყველაფერი სათავისოდ გამოიყენონ და საკუთარ ინტერესებს მოარგონ”, – ამის შესახებ ექსპერტმა, სანდრო თვალჭრელიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, რომ არა არჩევნები, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მკაცრი შეზღუდვები დაწესდებოდა.
“ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ ჩვენ, ყველა, ვიქეცით პოლიტიკური ძალების მძევლებად. ეს ძალები – ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში მყოფი – ცდილობენ, ყველაფერი სათავისოდ გამოიყენონ და საკუთარ ინტერესებს მოარგონ. გამაოგნებელია ჩვენი პოლიტიკური კლასის დეგრადირების ხარისხი. ასეთივე მიდგომა აქვთ პანდემიისადმიც. მეჩვენება, რომ საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. შარშანაც ასე არ მოხდა? არჩევნებს შესწირეს სტაბილური ეპიდვითარება და არაერთი ადამიანის სიცოცხლე. იგივე ხდება ახლაც. ასე გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში რატომ არ გამოცხადდა ლოკდაუნი? მხოლოდ იმიტომ, რომ ოქტომბერში არჩევნებია. ეს რომ არა, დარწმუნებული ვარ, სერიოზულ შეზღუდვებს დააწესებდნენ. გაიძახიან, მკაცრ შეზღუდვებს ჩვენი ეკონომიკა ვერ გაუძლებსო, სინამდვილეში კი მხოლოდ ერთი რამ აინტერესებთ – როგორმე არჩევნები მოიგონ.
არის მეორე საკითხიც – ჩემი აზრით, არაკეთილსინდისიერად, მეტიც, ცინიკურად იყენებენ ანტივაქსერების სულისკვეთებას. ეს ეხება არა მხოლოდ ხელისუფლებას. გაჩნდა პოლიტიკური კასტა, რომელმაც პოპულარობა ეპიდემიოლოგებისა და ექიმების ლანძღვით მოიპოვა, არადა, ამ ქვეყანაში რამდენიმე ათასი ადამიანია, ვინც პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, ყველაფრის ფასად ცდილობს, მართოს ეს საშინელი პანდემია. გასაოცარია მედპერსონალის გმირობის ტოლფასი შრომა! ეს ხალხი, წელიწადზე მეტია, უკიდურესად დაძაბულ პირობებში მუშაობს და მათ დღედაღამ მადლობას უნდა ვუხდიდეთ, მაგრამ ხდება პირიქით – თითქოს ყველაფერი გატეხილ სარკეში ირეკლება. პოლიტიკურ პარტიებს დავუბრუნდეთ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათმა დიდმა ნაწილმა საერთოდ დაკარგა ქვეყანასთან დამაკავშირებელი ძარღვი. მე თუ მკითხავთ, ასეთი პოლიტიკური პარტიების გარეშე გაცილებით უკეთ ვიცხოვრებდით.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა თემას რომ დავუბრუნდეთ, შეიძლება ითქვას, მათ წინააღმდეგ თითქოს მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრიც გახდა სერიოზული თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ, რაც ექიმებს დაუჭირა მხარი. რთულია ამ აგრესიული გამოხდომების მიზეზების ზუსტად გარკვევა, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, ასეთი ადამიანები არიან ყველა პოლიტიკური წყობის პირობებში. ისინი სხვადასხვა მიმართულებით აქტიურობენ. მათი მოქმედება ჩვენ კარგად დავინახეთ 5-6 ივლისს… ეს ჯგუფები ახლა აქტიურად ჩაერთვნენ ანტივაქსერულ მოძრაობაში და კვლავაც გამოირჩევიან აგრესიულობით, განსაკუთრებით – სოციალურ ქსელებში. მათ ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ ძალადობრივად გალაშქრება სურთ. ისინი ნებისმიერი ხელისუფლების დროს ასე მოიქცევიან, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, როგორია მათ მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება, რადგან ისინი საბოლოოდ სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოდიან, მას უთხრიან ძირს. დარწმუნებული ვარ, ეს ხალხი ჩვენი საზოგადოების 2%-ს თუ შეადგენს, მაგრამ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან და ამიტომაც ვხედავთ მათ თუნდაც სოციალურ ქსელში ასე ხშირად. მათი ქცევა, ჩემი აზრით, გამოწვეულია არასრულფასოვნების კომპლექსით. მათი განცდა ასეთია: ვერაფერს ვაკეთებ, არაფერი გამომდის, ამაში კი დამნაშავე სახელმწიფოა.
როგორც უკვე ვთქვი, რადიკალური ჯგუფების აქტიურობას სჭირდება სახელმწიფოს ძალიან მკაცრი პასუხი, მაგალითად, ისეთი, როგორიც გაეცათ ე.წ. ყვითელი ჟილეტების აქტივისტებს საფრანგეთში, როდესაც 7000-მდე კაცი დააპატიმრეს. რა მოხდა ჩვენთან? 5-6 ივლისის მოძალადეებიდან 10 კაცამდე თუ დაიჭირეს და საქმე ორგანიზატორების პასუხისგებამდე არც მისულა. სახელმწიფოს ამგვარი მოქმედება მათ არასახელმწიფოებრივ საქციელს უფრო წაახალისებს. გასათვალისწინებელია ერთიც – ამგვარი ჯგუფების გამოყენებას მუდმივად ცდილობენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები. ძირითადად, ეს ხალხია ის რეზერვი, რომელიც ჩვენში უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. სამწუხაროდ, ამგვარი რადიკალური ჯგუფების არსებობას ვერსად გავექცევით, მაგრამ, ვიმეორებ, მათ მოქმედებას ძალიან მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს.
წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის პასიურობა ბევრი მიზეზით შეიძლება აიხსნას. უპირველესად უნდა გავიხსენო ის ბოიკოტი, რომელიც ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოაცხადა, რაც, ჩემი აზრით, დრამატული შეცდომა იყო. ოპოზიციას ჰყავდა და ჰყავს თავისი ამომრჩეველი, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ბოიკოტით მათ მხარდამჭერთა ნაწილი დაკარგეს. ეს განსაკუთრებით ეხება პატარა პარტიებს, რომელთაც სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად ისედაც არ აქვთ საკმარისი რესურსი. ცალკე ნაციონალური მოძრაობაც უამრავ შეცდომას უშვებს, განსაკუთრებით – რევოლუციური რიტორიკით და სულ ქუჩის აქციებზე ლაპარაკით. ხალხს უნდა სიმშვიდე, სტაბილურობა. დღეს ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად არეულობის შიში აფრთხობს, “ნაცმოძრაობა” კი რადიკალური განცხადებებით სწორედ ამ შიშს ამძაფრებს… დღეს პოლიტიკურ სპექტრში გამონაკლისია გიორგი გახარია. ის სწორად იქცევა, როდესაც პოლიტიკურ არენაზე დამკვიდრებულ ნეგატიურ დღის წესრიგს არ უერთდება და ცდილობს, პოზიტიური ნარატივი შემოიტანოს.
ჩემი აზრით, ოქტომბრის არჩევნებში ის ძალიან საინტერესო შედეგებს გვაჩვენებს. ასევე საინტერესო იქნება, ვის დაასახელებს თბილისის მერობის კანდიდატად. ცხადია და ყველა აღიარებს, რომ კახა კალაძე რეიტინგული ფიგურაა. მოგვწონს თუ არა, მას გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს. გახარიას კანდიდატმა შეიძლება ვერც გაიმარჯვოს, მაგრამ ვინ იქნება ეს ადამიანი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აჩვენებს, რა ჰუმანური რესურსი აქვს გახარიას პოლიტიკურ ძალას. “ქართული ოცნების” ყოფილი ჩინოსნები, რომლებიც მასთან გადავიდნენ, ახალ კადრებად ვერ ჩაითვლებიან. ისინი მაინც ერთ “ქვაბში მოხარშული” ხალხია. საინტერესოა, აქვს თუ არა გახარიას ამ ქვაბის გარეთ კადრების მოძიების რესურსი, პოლიტიკაში ახალი და საინტერესო ადამიანების მოყვანის შნო… ბოლოს და ბოლოს, უნდა დასრულდეს ორი პარტიის ორთაბრძოლად ქცეული პოლიტიკური თამაში და გამოჩნდეს ძალა, რომელიც მესამე პოლიტიკურ ცენტრად იქცევა, ვნახოთ, ამის პერსპექტივა გახარიას ნამდვილად აქვს”.
“ქართულ ოცნებას” 43%-იანი მხარდაჭერა გარანტირებული ჰქონდა, რომ არ გამოჩენილიყო გიორგი გახარია. “ოცნებას” ხმები მხოლოდ მან შეიძლება გაუყოს. გიორგი გახარიას, როგორც ჩანს, კარგა ხნით ადრე უნდოდა “ოცნებიდან” წასვლა, ამიტომ პარტიულ თუ სახელისუფლებო სტრუქტურებში საკმარისად შეიყვანა თავისი ხალხი. თუ ის მოახერხებს და მომავალ არჩევნებში ორნიშნა მხარდაჭერას მოიპოვებს, მას კიდევ არაერთი მოქმედი ჩინოსანი თუ “ოცნების” მხარდამჭერი შეუერთდება. ჩასაძირავად განწირული გემიდან ვინ გარბის პირველად, ხომ იცით… არ არის გამორიცხული, მან საპარლამენტო უმრავლესობის დაშლაც მოახერხოს, რის შემდეგაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აუცილებელი იქნება. თუ “ ოცნებამ” ხმების 43% მიიღო და გახარიასაც შთამბეჭდავი მხარდაჭერა არ აღმოაჩნდა, მაშინ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის. გახარიას ხელშია მისი პოლიტიკური წარმატება… მოგეხსენებათ, ჩვენი ამომრჩევლის დიდი რაოდენობა ბოლოდროინდელ არჩევნებზე საერთოდ არ მიდიოდა. ახლა “ოცნება” ცდილობს, ელექტორატის ეს ნაწილი კვლავ არ გააქტიურდეს… ვნახოთ, როგორ მოახერხებს გახარია “ოცნებისთვის” ამაში ხელის შეშლას და მხარდამჭერთა მობილიზებას”, – აცხადებს სანდრო თვალჭრელიძე.