ცესკო-ს თავმჯდომარე: საარჩევნო ადმინისტრაცია არ წარმოადგენს ორგანოს, რომელსაც შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება არჩევნების გადადება-არგადადებაზე

“საარჩევნო ადმინისტრაცია არ წარმოადგენს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება არჩევნების გადადება-არგადადების თაობაზე, თუმცა, თუ იარსებებს ასეთი გადაწყვეტილება, ვიმოქმედებთ კანონმდებლობის შესაბამისად”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის პირობებში, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნებმა უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს.

„პირველ ყოვლისა, საზოგადოებას მინდა, ვაცნობო, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ 2 ოქტომბერს შევძლოთ საქართველოს ყველა ამომრჩეველს მოვემსახუროთ და შევთავაზოთ ისეთი სერვისი, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ არჩევნებში თავიანთი ნება გამოხატონ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში. ჩვენ, გასული წლიდან გამომდინარე, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა. მოგეხსენებათ, რომ პანდემია კვლავ წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, თუმცა, ამ გამოწვევის საპასუხოდ ვახორციელებთ არაერთ აქტივობას, არაერთ მნიშვნელოვან საქმიანობას იმისთვის, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე კენჭისყრის დღეს შევძლოთ, მივიდეთ ისე მომზადებულები და მობილიზებულები, რომ ამომრჩეველს და კენჭისყრის შენობაში მყოფ ჩვენ საარჩევნო ადმინისტრატორებს, დამკვირვებლებს, მედია საშუალებების წარმომადგენლებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ჰქონდეთ როგორც მუშაობის უსაფრთხო გარემო, ასევე, ამომრჩევლებს ნების გამოხატვის უსაფრთხო გარემო, ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. რაც შეეხება გადადება-არგადადების საკითხს, საარჩევნო ადმინისტრაცია არ წარმოადგენს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, გადადება არ გადადების თაობაზე, თუმცა, თუ იარსებებს ასეთი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები