ეკატერინე ტიკარაძე: ვარკეთილში, გლდანში და სადგურის მოედანზე ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო
ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას გულისხმობს.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მსგავსი ცენტრები განთავსდება ვარკეთილში, გლდანში და სადგურის მოედნის ტერიტორიაზე.
„დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას. ეს საერთაშორისო პრაქტიკა გახლავთ უკვე, ევროპაში მრავალი დაბრენდილი ავტობუსია, სადაც მოქალაქეები მომსახურებას იღებენ და მათთვის კუთვნილი ვაქცინა ხელმისაწვდომია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო 3 ავტობუსით, ამისთვის გამოვკვეთეთ ის რაიონები, სადაც ვაქცინაციის პუნქტებზე ყველაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვარკეთილში, გლდანში და სადგურის მოედნის ტერიტორიაზე განვათავსებთ 3 ავტობუსს. ჯამურად, დაგეგმილია 10 ავტობუსის განთავსება, ისინი იქნებიან დაბრენდილი ავტობუსები, სადაც მოქალაქე მიიღებს ყველა იმ საჭირო, უსაფრთხო მომსახურებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რასაც ის კლინიკასა და პოლიკლინიკაში მიიღებდა. იქნება რეგისტრაცია, რომელიც პორტალზე ონლაინ აისახება, შემდეგ მოქალაქე აირჩევს თავის კუთვნილ ვაქცინას, რომელზეც გადაწყვეტილებას მიიღებს. საჭიროების შემთხვევაში, მას ადგილზევე გაეწევა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ტიკარაძემ.