თამარ კორძაია: ზუგდიდში ჩატარებული შიდა კვლევის შედეგებით, „ნაცმოძრაობისა“ და ოპოზიციის საერთო კანდიდატ ანზორ მელიას 39%-იანი მხარდაჭერა აქვს, „ოცნების” კანდიდატს – 32%

დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, ზუგდიდში ჩატარებული შიდა კვლევის შედეგებით, „ნაცმოძრაობისა“ და ოპოზიციის საერთო კანდიდატ ანზორ მელიას 39%-იანი მხარდაჭერა აქვს, „ოცნების” კანდიდატს – 32%.

“მინდა, წარმოგიდგინოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რასაც არ ვაპირებდით, მაგრამ უკვე იძულებული გაგვხადა ხელისუფლებამ, რადგან ის ატყუებს მოქალაქეებს მის მიერ გაკეთებული განცხადებებით. ბატონ ანზორ მელიას, ერთიანი ოპოზიციის კანდიდატს, აქვს ყველაზე დიდი მხარდაჭერა ზუგდიდში. სწორედ ამიტომ არიან დღეს შეშინებულები და გაბოროტებულები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ზუგდიდში ჩატარებული შიდა კვლევის შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის საერთო კანდიდატ ანზორ მელიას 39%-იანი მხარდაჭერა აქვს, „ოცნების” კანდიდატ მამუკა წოწერიას – 32%, პარტია „საქართველოსთვის” კანდიდატს მხარს გამოკითხულთა 21% უჭერს. სხვა კანდიდატები კი – 8%”, – განაცხადა კორძაიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, კვლევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, გამოიკითხა 600 ადამიანი. საველე სამუშაოები 2021 წლის 15-22 აგვისტოს ჩატარდა. დასაშვები ცდომილება 3%-ის ფარგლებშია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები