საქართველოს და ადამიანების სიყვარული მას ყველაფერს ატანინებდა

25 აგვისტო საქართველოს სახალხო არტისტის ზინა კვერენჩხილაძის (1932-2011) დაბადების დღეა. იშვიათად შემხვედრია თავის სამშობლოზე მსგავსად თავგადაკლული პიროვნება, როგორიც გახლდათ ქალბატონი ზინა კვერეჩხილაძე. მას ცოცხალ არსებასავით უყვარდა თავისი ტანჯული საქართველო და მის გამარჯვებას და მარცხს მთელი არსებით განიცდიდა. ყველაზე უკეთ თავის სათქმელს იგი მხატვრული კითხვით გამოხატავდა და მისი გამოსვლა მსმენელის წინაშე მუდამ მოვლენად გადაიქცეოდა ხოლმე. ზინა კვერენჩხილაძე გახლდათ თანაბრად – დიდი ხელოვანი და პიროვნება, ერის ნამდვილი ზნეობრივი გმირი, ვინც თავისი ქვეყნის ბედითა და ჭირ-ვარამით იცხოვრა და ვინც არასოდეს ყოფილა საკუთარ სამშობლოზე ბედნიერი, ვინც მთელი ცხოვრება ამაყად და შეუდრეკლად იარა, მუდამ აკეთებდა იმას, რასაც წრფელი გული და სუფთა სინდისი კარნახობდა.
მას არასდროს მოუთხოვია ვინმესგან გამორჩეული ყურადღება და დაფასება, რაც მას არაერთხელ დააკლეს. ბევრჯერ ატკინეს გული, მაგრამ მისგან ამის გამო საყვედური არავის მოუსმენია. საქართველოს და ადამიანების სიყვარული მას ყველაფერს ატანინებდა. სულის საოხად მან უმდიდრეს ქართულ სიტყვიერებას შეაფარა თავი და იმ წიაღიდან აპყრობდა მზერას თანამედროვეობას.
ამ ვრცეული კიდობნიდან იგი ყველაზე ძვირფას სიტყვიერ ავლა-დიდებას ამზეურებდა, რითაც მსმენელს ახსენებდა თუ რა ღირებულებებმა მოიყვანა ეს ქვეყანა დღევანდლამდე…იგი დიდ წინაპართა მსგავსად ჩუმი, უანარო სიკეთის გზას ერთგულებდა და თავისი მსახურებით ქართული სულისა და ზნეობის ნიშანსვეტად გადაიქცა!
მწერლური ტექსტის მისი ბადალი მკითხველი საქართველოს არ ჰყოლია. ჩვენ გვყავდნენ დიდი მსახიობები, მაგრამ მხატვრულ კითხვაში ვერცერთი მათანი კვერენჩხილაძეს ვერ გაუტოლდება. იგი უნივერსალურია ამ მხრივ. რა ზუსტად ამბობდა ამის თაობაზე ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდარული მსახიობი მედეა ჯაფარიძე: „თუ გინდა მხატვრული კითხვის მშვენიერება, საერთოდ ქართული სიტყვის სიმფონია იგრძნო, ზინას უნდა უსმინო. მის შემდეგ ჩემი კითხვა რა მოსატანია?! ის იმდენ საიდუმლოს ფლობს ამ სფეროში, რომ მე ზინა კვერენჩხილაძეს ქართულსიტყვაობის აკადემიკოსს ვუწოდებდი”…
წლეულს ათი წელი შესრულდა ამ დიდი მსახიობის გარდაცვალებიდან. სახლს, სადაც იგი ცხოვრობდა წლების წინ მიამაგრეს მემორალური დაფა. მისი სახელი მიენიჭა დმანისის სახელმწიფო თეატრს, რაც ძალიან სამართლიანია. თუმცა, მაინც გულნაკლულნი ვართ, ზინა კვერენჩხილაძის ხსოვნას თბილისში აქამდე რატომ არ უნდა უკვდავყოფდეს მისი სახელობის ქუჩა, სკვერი, სკულპტურა?!

                                                                 გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები