პოლიციამ რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული დ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, საყოფაცხოვრებო თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თავის მეზობელს – 1942 წელს დაბადებულ ა.პ.-ს, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.
მიღებული დაზიანებების შედეგად ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე – რუსთავში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.