ბიძინა კულუმბეგოვი: ცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც მილიონობით ვაქცინა ხელმისაწვდომია და არ იცრებოდე, ასეთ ადამიანებთან ალბათ სათქმელიც აღარაფერია
“ცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც მილიონობით ვაქცინა ხელმისაწვდომია და არ იცრებოდე, ასეთ ადამიანებთან ალბათ სათქმელიც აღარაფერია”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ,,იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ყველა შესაძლო პრეტენზიული მსურველისთვის საქართველოში მოიძებნება ვაქცინა.
„თუ ჩვენ დღიურად 35-40 ათას აცრაზე ავალთ, მაშინ იქნება იმ მიზნის მიღწევა, რომელიც წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის იმუნიზაციას ითვალისწინებს. ბევრი ალტერნატიული ვაქცინა გვაქვს. ყველა შესაძლო პრეტენზიული მსურველისთვის საქართველოში მოიძებნება ვაქცინა. ნებისმიერი პრეტენზია – ვიღაცას რელიგიური მოსაზრებით, ვიღაცას გენეტიკური კოდის შეცვლის მოტივით – არსებობს ტრადიციული ჩინური ვაქცინები, სადაც ეს საკითხები მოხსნილია. ცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც მილიონობით ვაქცინა ხელმისაწვდომია და არ იცრებოდე, ასეთ ადამიანებთან ალბათ სათქმელიც აღარაფერია. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ ნორმალურად განვითარება და წინსვლა შეძლოს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.