ბიძინა კულუმბეგოვი: ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვის ნიშნულზეა, ქვეყანას არ შეუძლია უსასრულოდ საწოლების მობილიზება

“ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვის ნიშნულზეა, ქვეყანას არ შეუძლია უსასრულოდ საწოლების მობილიზება”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრად გაზრდაზე რომ იყოს მოსაზრება, ალბათ, სახელმწიფოს მოუწევდა მეტი შემზღუდავი ღონისძიების შემოტანა.

„რეალურად, ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვის ნიშნულზეა, ქვეყანას არ შეუძლია უსასრულოდ საწოლების მობილიზება. თუმცა, ინფორმაციიდან, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მსოფლიოს სხვადასხვა პროგნოზირების მაგენერირებელ ინსტიტუტებზე დაყრდნობით სახელმწიფოსა და მთავრობას აწვდის, ალბათ, ჩანს, რომ პიკის პერიოდი გარკვეულწილად გადავლილია.

ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრად გაზრდაზე რომ იყოს მოსაზრება, ალბათ, სახელმწიფოს მოუწევდა მეტი შემზღუდავი ღონისძიების შემოტანა. სიმართლე გითხრათ, ქვეყანას რომ ეკონომიკური შესაძლებლობა ჰქონდეს, წმინდა ჰუმანიტარული და ექიმური თვალსაზრისით, ახლა უნდა იყოს ძალიან მკაცრი “ლოკდაუნი”. ყოველდღიურად 70 ადამიანი გვეღუპება და შეიძლება, ყოფილიყო 50-ით ნაკლები. სამწუხაროდ, ქვეყანას ამის შესაძლებლობა არ აქვს. გვესმის, რომ ყოველდღიური ადამიანის ლუკმა-პური დაკავშირებულია მათ საქმიანობასა და ბიზნესთან, ტურისტულ სეზონთან და ასე შემდეგ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის შეზღუდვები, რომლებიც დაემატა, სიმბოლურ ხასიათს ატარებს, ამას ეპიდემიის ტრაექტორიაზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება. ამან შეიძლება, მხოლოდ რაღაც ფსიქოლოგიური გავლენის ფორმა ითამაშოს. თუმცა, მეორე მხრივ, უნდა ვთქვათ, რომ გარკვეულწილად რაღაც ეტაპზე ბუნებრივადაც მოხდება სტაბილიზება, რადგან ამ ინფექციას ახასიათებს სამ-ოთხკვირიანი ტალღა, შემდეგ გარკვეულწილად პლატოს პერიოდი იწყება. რეალურად, უკვე ჩანს, რომ პლატოს პერიოდში ვართ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები