დავით ზალკალიანი: ღარიბაშვილი შარლ მიშელს არაფორმალურ გარემოში შეხვდა, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ერთგულია იმ რეფორმების, რაზეც 19 აპრილის შეთანხმებით არის საუბარი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს არაფორმალურ გარემოში შეხვდა, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ერთგულია იმ რეფორმების, რა რეფორმებზეც 19 აპრილის შეთანხმებითაა საუბარი.
„გუშინ პრემიერმინისტრს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან არაფორმალურ ვითარებაში ძალიან თბილი, მეგობრული შეხვედრა ჰქონდა. საუბარი იმ შეთანხმებაზეც იყო, რომელიც მისი მედიაციით განხორციელდა. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული, რომ საქართველო ერთგულია იმ რეფორმების, რა რეფორმებზეც 19 აპრილის შეთანხმებით არის საუბარი. იყო დადასტურებული, რომ ამ რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი არის შესრულებული და, ასევე, ის, რომ საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრული იქნება მომავალშიც, რადგან რეფორმების მიმდინარეობა და მისი შესრულება არის პროცესი, ამ პროცესს ჩვენ თანმიმდევრულად მივუყვებით მომავალშიც და ყველა ის მიმართულება, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია მითითებული, იქნება საბოლოოდ შესრულებული. შეთანხმება რატომ არის ანულირებული ამაზე არაერთხელ იყო გაცხადებული საქართველოს ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან. შეთანხმება მაშინ ითვლება შეთანხმებად, როცა მისი ყველა ხელმომწერი ასრულებს შეთანხმებას და არგუმენტი, რომელიც ვიხილეთ და საზოგადოებას განემარტა, არის ის, რომ შეთანხმების ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე საერთოდ არ შეუერთდა მას. შეთანხმების ლოგიკა კი ისაა და მაშინ არის სრულფასოვანი, როცა მას ხელს აწერს პროცესში მონაწილე ყველა მხარე და აქ იყო ეს დარღვეული. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება არის მზად და ეს მზაობა არამხოლოდ არის დეკლარირებული, არამედ პრაქტიკული ნაბიჯებითაცაა გამყარებული. მათ შორის, იგივე მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით, საარჩევნო კანონმდებლობასთან, ამნისტიასთან, ასევე ხელისუფლების გადანაწილებასთან დაკავშირებით, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ კრიმინალური ჯგუფების გათავისუფლებასთან მიმართებით – ამ შეთანხმების მნიშვნელოვანი პუნქტები არის შესრულებული. რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი. რეფორმები არც ერთ დღეში, არც ერთ კვირაში, არც ერთ თვეში არ სრულდება, მუდმივი პროცესია, რომელზეც მუდმივად უნდა იყოს მუშაობა და ამის მზაობა და თანმიმდევრულობა, რომ ეს ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ არის მკაფიოდ გაცხადებული”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.