ეკა ჯიქური: მადლობა მინდა, გადავუხადო ქვემო ქართლის პროკურატურის ყველა თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა ცოტნე აღდგომელაძის განზრახ მკვლელობის გამოძიების პროცესში
სოფელ ფოლადაანთკარში არასრულწლოვან ცოტნე აღდგომელაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია. ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებულ ვანო ზანდარაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ერთხმად დაადგინეს. მოსამართლემ ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლოს ვერდიქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება მოკლული არასრულწლოვნის დედა, ეკა ჯიქური.
„რვა თვე გავიდა იმ საშინელი დღიდან…. ცოტნე მომიკლეს… მომიკლეს განზრახ… შვილი მომიკლა ორი შვილის მამამ, რომელსაც არც მონანიება და არც სინანული უგრძნია… არ ვიცი და არ მახსოვს… მისი ბოლო სიტყვები რვა თვის თავზეც. დასრულდა სასამართლო…
მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემი ბავშვობის მეგობარს, მაკა ბერაძეს, რომელიც ამ რვა თვის განმავლობაში ჩემთან ერთად განიცადა ყველაფერი, რასაც მე განვიცდიდი და სტკიოდა ისე, როგორც მე მტკიოდა და შესაბამის სტრუქტურებთან ყველანაირად დამეხმარა…
მაკა, ამას არასოდეს დაგივიწყებ…
მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ ლევან ჯალაღანიასა და ქალბატონ მარიკა გოგოხიას, დაუზოგავი შრომისთვის…მინდა, გისურვოთ წარმატებები, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ჩემს შთაბეჭდილებას იმდენად აღფრთოვანებული ვარ თქვენი შესაძლებლობებით…
მადლობა მინდა გადავუხადო ქვემო ქართლის პროკურატურის ყველა თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა ცოტნე აღდგომელაძის განზრახ მკვლელობის გამოძიების პროცესში… მათ თავდადებით დაამტკიცეს სიმართლე…
მადლობას ვუხდი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ყველა თანამშრომელს დაუზოგავი შრომისთვის ….
მადლობა რუსთავის სასამართლოს მოსამართლეს ქეთევან ლუაშვილს იმისთვის, რომ გამოიტანა განაჩენი ,რომელსაც მე არ ვეთანხმები და რა თქმა უნდა მაქსიმუმს ვითხოვდი… კარგი იქნებოდა საქართველოში შეიცვალოს კანონები და მაქსიმალურად სასტიკად დაისაჯონ მკვლელები რომ მომავალში არ მოკლან სხვისი შვილები… არ გამწარდნენ დედები…
მადლობა ფოლადაანთკარის მოსახლეობას, რომ არაფერი არ გინახავთ და არც გაინტერესებთ… დღეს თუ მე გამამწარეთ ხვალ თქვენი რიგია იმიტომ, რომ საკმარისი ნაძირალები გყავთ სოფელში, რომელსაც თქვენ თვითონვე მფარველობთ… ასე რომ, წარმატებებს გისურვებთ ლოთობაში, ნარკომანობაში და მომავალ ჩხუბებში…
ისე, რომ იცოდეთ, დაუსჯელი არავინ რჩება… კანონს თუ გაექცევით უფლის სამართალს სად გაურბიხართ”, – წერს მოკლული მოზარდის დედა.