„ვისაც გვახსოვს, გვიყვარს, პატივი მივაგოთ – ავუნთოთ სანთელი“! – სულხან ცინცაძის დაბადების დღეა

რუსუდან ქუთათელაძე

23 აგვისტო დიდი ქართველი კომპოზიტორის, სულხან ცინცაძის დაბადების დღეა (1925-1991). ამასთან დაკავშირებით მუსიკათმცოდნე რუსუდან ქუთათელაძე ავრცელებს ინფორმაციას.

„გორს საამაყოდ უნდა მიაჩნდეს ასეთი დიდი პიროვნების მშობლიური ქალაქი რომაა, ღირსეული პატივი მიაგოს – ძეგლი დაუდგას!
იშვიათი ადამიანური ღირსებებით იყო დაჯილდოებული. გარდა გამორჩეული საკომპოზიტორი ნიჭისა, იყო ვიოლონჩელისტი, ერთხანს სიმებიანი კვარტეტის წევრი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. უშუალო, უშურო (რაც ხელოვანთა შორის ხშირი არაა!), ხალასი იუმორის მქონე… მისმა დემოკრატიულობამ, კაცთმოყვარეობამ, განსაკუთრებული ძალით იჩინა თავი თბ. სახელმწ. კონსერვატორიის რექტორობის პერიოდში. არავითარი წინასწარი ჩაწერა, განცხადებების შეტანა მიღებისათვის, რექტორის კაბინეტის კარი მუდამ ღია იყო (ხშირად პირდაპირი მნიშვნელობით) ნებისმიერი მსურველისათვის. ღიმილით, ყურადღებით მიიღებდა, მოუსმენდა ყველას, პედაგოგითა და თანამშრომლით დაწყებული, სტუდენტით დამთავრებული. და ამავდროულად უაღრესად პრინციპული! დიაღ, იშვიათი, გამორჩეული პიროვნება ბრძანდებოდა.
ჩემი ფბ მეგობრებისთვის, ვისთვისაც, იქნებ, არცაა ცნობილი, თუ რაოდენ მდიდარი საკომპოზიტორო მემკვიდრეობა დატოვა, აღვნიშნავ: არ დარჩენილა მუსიკ. ჟანრი, სადაც თავისი ხმამაღალი სიტყვა არ ეთქვა და დიდი აღიარებაც არ მოეპოვებინა. ოპერა (2), ბალეტი (6), ოპერეტა (3), სიმფონია (5), კანტატა (3), ორატორია (1), კონცერტები (საფ-ნო, სავიოლ, სავიოლონჩ.), სიმებიანი კავრტეტი (12), ვოკალური ციკლი, მუს. კინოფილმებისა და დრამატ. სპექტაკლებისათვის და კიდევ სხვა მც. ფორმის ნაწარმოებები.
ს. ცინცაძის სიმღერებმა კინოფილმიდან „ჭრიჭინა“, „აბეზარა“, „თოჯინები იცინიან“, „ბაში-აჩუკი“ და მრავ. სხვ. უმალ მოიპოვეს საყოველთაო სიყვარული, დილიდან დაღამებამდე გაისმოდა, სახლში თუ კარში, დიდსა თუ პატარას, რომ იტყვიან – პირზე ეკერა. ხოლო „ჯარისკაცია მამას“ მუსიკა ჭეშმარიტი სიმფონიზმის დრამატულ სიმაღლეებს აღწევს.
განსაკუთრებული აღიარება და დიდოსტატის სახელი გაუთქვა სიმებიანმა კვარტეტებმა (12). პირველივე ამ თხზულებამ ჭაბუკ, 25 წლის კომპოზიტორს, საბჭოეთის უმაღლესი ჯილდო, სტალინური პრემია მოუტანა! შემდგომ კი სახალხო არტისტის, რუსთაველის, ზ. ფალიაშვილის პრემიითაც იყო დაჯილდოებული. ს. ცინცაძის კვარტეტები და საკვარტეტო მინიატურები, ამ ფაქიზი კამერული ჟანრის ნამდვილი შედევრები, მრავალგზის გაჟღერებულა მსოფლიოს საკონცერტო ესტრადებზე და მხურვალე ტაშიც დაუმსახურებია, ევროპელი მომთხოვნი მსმენელის. იგი მართლაც რომ აღმახვილებული ძალით გრძნობდა ამ ჟანრის სპეციფიკასა და გამომსახველ უნარს.
მარად ღიმილიანი, ხალისიანი, ლაღი, მხიარული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა მუდამ. მუსიკა კი დრამატიზმით, ტრაგიზმის მწვერვალებზე აზიდული სიმძაფრითაა აღბეჭდილი… თუმცა მის მუსიკას არც იუმორი აკლია, განსაკ. საკვარტ. მინიატურებს „საჭიდაო“, „ინდი-მინდო“, „მწყემსური“ და სხვა.
სულხან ცინცაძის მუსიკა ეროვნული კულტურის ფასდაუდებელი საგანძურია. მის სახელს დავიწყება არ უწერია! დღეს, ვისაც გვახსოვს, გვიყვარს, პატივი მივაგოთ – ავუნთოთ სანთელი“! – წერს რუსუდან ქუთათელაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები