Der Spiegel: ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი მისმა სიძემ ამოიცნო
ბერლინის ცენტრში, ტირგარტენში 2019 წლის 23 აგვისტოს საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვადიმ კრასიკოვის წინააღმდეგ მისი სიძე, ალექსანდრე ვ. გამოდის, რომელიც გამომძიებელ ჟურნალისტებს მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას აწვდის, რაზეც ბერლინში სასამართლოზე არ უსაუბრია.
ამის შესახებ Der Spiegel-ი წერს.
ხარკოველ 55 წლის მეწარმესთან, ალექსანდრე ვ.-სთან შეხვედრა კიევში შედგა.
ბერლინის სასამართლოში ვადიმ კრასიკოვი ამბობს, რომ მას ვადიმ სოკოლოვი ჰქვია, როგორც მის პასპორტშია მითითებული და რომ კრასიკოვს არ იცნობს.
როგორც Der Spiegel-ი წერს, “სასამართლოში მოწმე ალექსანდრე ვ.-მ თქვა, რომ დარბაზში მყოფ ადამიანში საკუთარი სიძე, ვადიმ კრასიკოვი ვერ ამოიცნო. თითქოს, ჰგავსო, მაგრამ ვერ ვამსგავსებო”.
თუმცა, კიევში მან კონსპირაციულ ბინაში სხვა რამ თქვა და ეჭვმიტანილს სერიოზული ბრალდებები წაუყენა.
“მე სასამართლოში გულწრფელი არ ვიყავი. დარწმუნებული ვიყავი, რომ კრასიკოვი ჩემ წინ იდგა”, – უთხრა მან Der Spiegel-ის, Bellingcat-ისა და The Insider-ის გამომძიებელ ჟურნალისტებს.
Der Spiegel-ი წერს, რომ “ამრიგად, ალექსანდრე ვ. ადასტურებს გერმანიის პროკურორების თეორიას და პროკურატურის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის ბრალდებით გარემოებების მტკიცებულებათა ჯაჭვს”.
მან განმარტა, თუ რატომ ვერ თქვა იგივე გერმანიის სასამართლოში.
“როცა ჩავედი გერმანიაში ჩვენების მისაცემად, დავინტერესდი, როგორია მდგომარეობა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა მოწმის დაცვის პროგრამა. ადგილზე მითხრეს, რომ ჩემთვის ის გათვალისწინებული არ არის. ამ მომენტში დავიძაბე. ჩვენების მიცემის დროს თავში ქაოსი მქონდა. ვფიქრობდი, რომ რუსული სპეცსამსახურების სამიზნე გავხდებოდი. ამიტომ ვთქვი, რომ ვერ ვცნობ კრასიკოვს, თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის იყო. ახლა, უკრაინაში ყოფნის დროს მე და ჩემი ოჯახი თავს დაცულად ვგრძნობთ”, – თქვა მან.
“ალექსანდრე ვ.- მ თქვა, რომ ათი წელია, იცნობს თავის სიძე ვადიმ კრასიკოვს, რომელიც დაქორწინებულია ვ.-ს ცოლის დაზე. თავდაპირველად, რძალმა თქვა, რომ სამხედრო გაიცნო, თუმცა, თანდათან ოჯახისთვის ცხადი გახდა, რომ მისი სიძე, სავარაუდოდ, რუსეთის უსაფრთხოების აპარატის სხვა ნაწილში მუშაობს. თავდაპირველად, ვიფიქრეთ, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის დაცვის აპარატში მუშაობდა, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ კრასიკოვი მუშაობს ან მუშაობდა ფეესბე-ზე. ის ელიტური დანაყოფის – “ვიმპელ”-ის წევრი იყო, რუსეთის შიდა დაზვერვის, რომელიც მონაწილეობდა ავღანეთის ოპერაციაში”, – ამბობს ალექსანდრე ვ.
კრასიკოვის სიძემ კიდევ სხვა დეტალები გაიხსენა, რის გამოც გამოცემის ჟურნალისტებს კითხვა გაუჩნდათ, ხომ არ იგონებს ყველაფერს? იქნებ, მას ეს ინფორმაცია დაინტერესებულმა პირებმა მიაწოდეს? მისი ნათქვამიდან ბევრი რამის გადამოწმება ხომ ასე უცებ მარტივი არ არის, თუმცა, არის მომენტები, რომლებიც სრულიად დამაჯერებელია.
”მაგალითად, საუბრის დროს ვ. -მ გაიხსენა 2013 და 2014 წლებში უკრაინაში მისი რძლისა და სიძის მოულოდნელი, ხანგრძლივი ვიზიტი. ეს ის პერიოდია, როდესაც კრასიკოვი რუსეთში იმყოფებოდა საერთაშორისო ძებნილთა სიაში ბიზნესმენის მკვლელობის გამო და მისი დაკავების ორდერიც არსებობდა. ეს ყველაფერი კავშირშია იმ ფაქტთან, რომ რუსეთმა კრასიკოვის ძებნა 2014 წელს შეწყვიტა”, – წერს გამოცემა.
Der Spiegel-ი ბრალდებულის ბერლინელ ადვოკატს, რობერტ უნგერს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ გაოცებულია იმით, თუ რა ილაპარაკა ვ-მ. რადგან ეს სრულიად საპირისპიროა იმის, რაც მან თქვა უზენაეს სასამართლოში, “მაშინ, როდესაც ვალდებულება აქვს, ილაპარაკოს მხოლოდ სიმართლე”.
ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, “რა ფასი აქვს მოწმის აღნიშნულ მონათხრობს”.