თელავის 24-საათიანი წყალმომარგებისთვის სისტემების მშენებლობა იწყება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თელავის წყლის სისტემის ინფრასტრუქტურის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ და ტენდერში გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანია China Geo-Engineering Corporation–ის ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორმა, ჩენგჟოუ ჰემ.
ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ქალაქში პროექტის მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები დაიწყება.
,,თელავის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია ქალაქის 79 კმ. ქსელის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, ასევე, რეაბილიტირდება 5 არსებული და აშენდება 3 ახალი ჭაბურღილი, მოეწყობა რეზერვუარები და სისტემების მართვის თანამედროვე სისტემა. სამუშაოები, დაახლოებით, 15 თვეს გაგრძელდება.
პროექტს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, დაახლოებით, 24 მილიონი ლარი მოხმარდება.
თელავში არსებული წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
პროექტის განხორციელების შედეგად, ქალაქში წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და ადგილობრივი მოსახლეობა უწყვეტი წყლის მიწოდებით იქნება უზრუნველყოფილი”, – ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა მხარის გუბერნატორთან, ირაკლი შიოშვილსა და ქალაქის მერთან, შოთა ნერეკლიშვილთან ერთადთელავში დღეს არსებული რეზერვუარი და სათავე ნაგებობა დაათვალიერა.
თელავში უკვე დასრულდა წყალარინების თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ასევე, მოწყობილია წყალარინების ქსელი.