მიხეილ ჩხენკელი: ოზურგეთს მალე ექნება მასწავლებლის სახლი – პლანეტარიუმით, STEM – ლაბორატორიებით და თანამედროვე ტრენინგ-სივრცით

„ოზურგეთს მალე ექნება თავისი მასწავლებლის სახლი, რომლის პროექტირება უკვე დაწყებულია. არქიტექტურა იქნება გურული ოდის სტილში, მასწავლებლის სახლში იქნება პლანეტარიუმი, STEM-ის ლაბორატორიები და თანამედროვე ტრენინგ-სივრცე“, – ამის შესახებ  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნების” ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წარდგენაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელი განათლების ყველა საფეხურზე დაგეგმილ სიახლეებს შეეხო და იმ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებიც განვითარების 10-წლიანი გეგმის ფარგლებში უკვე გაცხადებულია საზოგადოებისათვის.

„ძვირფასო ოზურგეთელებო, ძვირფასო გურულებო, მოგესალმებით, პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ მთელი გულით ფერისცვალება, მრავალს დაესწარით. დედა გურული მყავს, მეუღლე გურული მყავს და ძალიან მიყვარს ულამაზესი, უმშვენიერესი გურია და უნიჭიერესი გურულები.

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი პრემიერ-მინისტრის,  ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით და ძალისხმევით, განათლება და მეცნიერება არის ჩვენი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტი. ყველა საფეხურზე, ასევე, მეცნიერების მიმართულებით, მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური, სერიოზული რეფორმები და ჩვენი იდეები, ჩვენი კონცეფცია, რომელიც მიმართულია ხარისხის მკვეთრ ზრდაზე, არის ასახული იმ ათწლიან სტრატეგიულ ხედვაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ წარვუდგინეთ საზოგადოებას.

ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა, სკოლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. აქვე, დაბა ნასაკირალში, დასრულდა მშენებლობა ახალი შესანიშნავი თანამედროვე სტანდარტების სკოლის, რომელიც გათვლილია 600 მოსწავლეზე. ახლა მიმდინარეობს სკოლის აღჭურვა და ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, განათლება მიიღონ მართლაც მშვენიერ გარემოში, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი ხარისხიანი განათლებისთვის. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი არის ნათელი მაგალითი ჩვენი დამოკიდებულებისა. როგორც გახსოვთ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს სკოლებს ანგრევდნენ, ანგრევდნენ პროფესიულ სასწავლებლებს, ანადგურებდნენ უნიკალურ ლაბორატორიებს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს. მათგან განსხვავებით ჩვენ სკოლებს და საგანმანათლებლო ცენტრებს ვაშენებთ. სოფელ  ნასაკირალის სკოლის ანალოგიური პროექტები მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგანაც ბავშვებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ეს პირდაპირი მნიშვნელობით  არის ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვა.

რასაკვირველია, როდესაც სკოლის რეფორმაზე ვსაუბრობთ, ყველას კარგად გვესმის, რომ მთავარი ფიგურა სკოლის წარმატებაში ეს არის მასწავლებელი. ამასთან დაკავშირებით ერთი კარგი ამბავი მინდა გითხრათ ოზურგეთისთვის. სიურპრიზი იქნება თქვენთვის და დარწმუნებული ვარ, გაგიხარდებათ. ოზურგეთს მალე ექნება თავისი მასწავლებლის სახლი, რომლის პროექტირება უკვე დაწყებულია. არქიტექტურა იქნება გურული ოდის სტილში, მასწავლებლის სახლში იქნება პლანეტარიუმი, STEM-ის ლაბორატორიები და თანამედროვე ტრენინგ-სივრცე. სექტემბერში ჩვენ გვექნება პრეზენტაცია, ჩამოვალ აქ ოზურგეთში და გაჩვენებთ რენდერებს, თუ როგორი იქნება ოზურგეთის მასწავლებლის სახლი. ეს, რასაკვირველია, იქნება ძალიან სერიოზული განზომილება ოზურგეთის განვითარებისთვის განათლების მიმართულებით და ყველა ერთად ვიზეიმებთ ამ ამბავს.

პროფესიული განათლება  გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულება. არსებული კოლეჯები კიდევ უფრო განვითარდება და ჩვენი კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ყველა რეგიონში ექნება უმაღლესი დონის პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც მორგებული იქნება კონკრეტული რეგიონის საჭიროებებზე. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ ჩამოვიყვანთ ცნობილ უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც ქართველ პედაგოგებთან ჩაერთვებიან პროფესიული განათლების განვითარების საქმეში.

ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ვსაუბრობთ განათლებისა და მეცნიერების სფეროზე, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი სისტემის მთავარი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც გაიხსნა შარშან  და წელს დასრულდა პირველი აკადემიური წელი. როგორც იცით, ამ უნიკალური უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად საქართველოში გვაქვს  მსოფლიო დონის ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ევროპული განათლება საქართველოში უკვე შემოვიდა. ეს არის მართლაც უნიკალური, ჭეშმარიტად საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის აკადემიური პროგრამები დაფუძნებულია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე და ლექციებს ცნობილ ქართველ პროფესორებთან ერთად კითხულობენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. ეს უნივერსიტეტი, რასაკვირველია, ემსახურება მთელ საქართველოს.  დარწმუნებული ვარ, რომ გურულების არაერთი თაობა, მათ შორის, უნიჭიერესი ოზურგეთელები იქ მიიღებენ ჭეშმარიტად ევროპულ განათლებას.

მეგობრებო, მე მინდა ასევე განსაკუთრებით გამოვყო ჩემი მეგობრის აჩიკო თალაკვაძის მზრუნველობა განათლების სფეროზე. ჩვენ ფაქტობრივად ყოველდღიურად გვაქვს საუბრები განათლებაზე, გურიის წინსვლაზე განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით. ეს არის კაცი, რომელიც ჭეშმარიტი გულშემატკივარია ამ სფეროსი. აჩიკოს დამოკიდებულება არის კარგი გამოხატულება მისი ოჯახის ფასეულობების, იმ ფასეულობების, რომლებიც, რასაკვირველია, აქვს მის ღირსეულ ძმას, ავთოს. შესაბამისად, ავთოს სახით ოზურგეთს ნამდვილი გულშემატკივარი ეყოლება განათლების თვალსაზრისით და, რასაკვირველია, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ.

ძვირფასო მეგობრებო, იმისათვის, რომ ჩვენ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობები, აუცილებელია, ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვოს და ჩვენი გუნდი აუცილებლად დამაჯერებლად და ღირსეულად გაიმარჯვებს”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები