ფოთში ,,ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატად გიგი უგულავას წარადგენენ
ფოთში ,,ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატად გიგი უგულავას წარადგენენ. ამის შესახებ ფოთში ,,ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
კითხვაზე, რატომ შეირჩა გიგი უგულავა თინა ბოკუჩავას ნაცვლად, დარეჯან ცხვიტარიამ აღნიშნა, რომ კანდიდატის ჩანაცვლება არ მომხდარა.
„თინა ბოკუჩავას ნაცვლად რატომ, გადაწყვეტილება იქნა ასე მიღებული. ჩანაცვლება არ მომხდარა, უბრალოდ, გადაწყვეტილების პროცესში ვიყავით და საბოლოოდ გადაწყდა გიგი უგულავა. არჩევანი იყო ძალიან ბევრი, თუმცა, ბოლოს გადაწყდა გიგი უგულავა.
გიგი უგულავა გაერთიანების ლიდერად გამოდის, ოღონდ ნომერი იქნება 5. მძიმე წონის პოლიტიკოსია და ჩვენთვის ახლა ყველაზე მთავარია რეფერენდუმი. გიგი არის რეფერენდუმისთვის მომზადებული. ეს რეფერენდუმი უნდა მოვიგოთ, რადგან საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ასე სკრუპულოზურად რომ მივუდგეთ ამ საკითხს, ასე არ არის. ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ პოლიტიკურ მოუსავლეთში და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. პოლიტიკურად წონიანი პოლიტიკოსი იმიტომ მოდის აქ, რომ ჩვენ გავდივართ ბრძოლის ველზე, ეს ბრძოლის ველი გვაქვს მოსაგები. დიდგორზე გავდივართ, დიდგორზე დავით აღმაშენებელს სწორი სტრატეგია ჰქონდა და იმიტომაც მოიგო. ახლა სწორედ ეს სტრატეგია არის შემუშავებული: მძიმე წონის, გამოცდილი, კვალიფიციური პოლიტიკოსი. ფოთი არის სტრატეგიული ქალაქი, სჭირდება ამ ქალაქს და ამიტომაც იქნა გამოშვებული“, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი თინა ბოკუჩავა იქნებოდა.