ირაკლი ღარიბაშვილი: მოგიწოდებთ ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთისა და ახლობლების ჯანმრთელობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობით
“ვუფრთხილდებით არა მხოლოდ ჩვენს, არამედ – ჩვენი ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთის კლინიკაში განაცხადა, სადაც ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ, ვაქცინაციაზე მოსახლეობის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, მათ შორის, გეოგრაფიული თვალსაზრისით, შექმნილია მობილური სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შესაბამისად, ერთვებიან პროცესებში.
აღნიშნული ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ, ხელმისაწვდომი გახადონ ვაქცინაციის პროცესი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვაქცინაციის მოქმედი ცენტრებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.
ირაკლი ღარიბაშვილი ამცრელ ბრიგადებს გაესაუბრა და მოქალაქეების აქტივობით დაინტერესდა. როგორც კლინიკის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელმა, ევგენი ჩიჩუამ აღნიშნა, მოქალაქეების აქტივობა განსაკუთრებით გაზრდილია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კლინიკა “მედალფას” გარდა, იმუნიზაცია მინდინარეობს ლანჩხუთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, ასევე, შექმნილია მობილური ბრიგადები, რომლებიც აცრებს სოფლებში, ადგილზე გასვლით ატარებენ. კლინიკაში აცრები ტარდება როგორც ჩაწერით, ისე – წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპით. პრემიერმინისტრის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით გაგრძელდეს, ვინაიდან ეს კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.