კახა კუჭავა: სოფლებთან კომუნიკაცია, ახალგაზრდობის მეტი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში – ესაა ის, რასაც ჩვენ მერისა და საკრებულოსგან ველოდებით და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება

“სოფლებთან კომუნიკაცია, ახალგაზრდობის მეტი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში – ესაა ის, რასაც ჩვენ მერისა და საკრებულოსგან ველოდებით და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების” ქედის მერობის კანდიდატის, როლანდ ბერიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლებლობები, პოტენციალი გაცილებით დიდია და ზუსტად ეს უნდა იყოს ახალი მერის, საკრებულოს საზრუნავი.

,,მიხარია, რომ კიდევ ერთხელ დავბრუნდი ამ ულამაზეს მხარეში. როდესაც თითოეული ქართველი, თუნდაც უცხოელი აჭარაზე საუბრობს, პირველი, რაც მოაგონდება, ეს არის ზღვა, სანაპირო, აჭარული ხაჭაპური და, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა საუბრობს მთიან აჭარაზე, რომელიც მართლაც უნიკალური და გამორჩეულია – არ ვგულისხმობ მხოლოდ ბუნებას, თავის სუბტროპიკული ჰავითა და კლიმატით, რაც აბსოლუტურად სხვა რეალობას ქმნის.

ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით – ახალგაზრდებს, მათ, ვისაც უყვარს მთაში სიარული, ზუსტად ეს მთები უნდა ნახონ, თუ რამდენად განსხვავებულია საქართველოს ნებისმიერი კუთხისგან და რამდენად მრავალფეროვანი, საინტერესოა ბუნებაა აქ. მხოლოდ ეს არ არის.

კიდევ ძალიან ბევრი საკითხია, რაც აუცილებელია, ვიცოდეთ. მაგალითად მეღვინეობა – მეღვინეობაზე საუბრისას, ყველას ახსენდება კახეთი, ქართლი. ბევრმა იცის, მაგრამ უფრო მეტმა უნდა გაიგოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეღვინეობა ქედაში. ცნობილი ქედის „ცოლიკაურით”, „ჩხავერით”, რომელიც ყველას გვიყვარს და ვაგემოვნებთ, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ მთიანი აჭარიდანაა და კლიმატიდან გამომდინარე, გამორჩეული და განსაკუთრებული გემოს მატარებელია.

აღარ ვსაუბრობ სოფლის მეურნეობაზე – ხილის გადამამუშავებელი საწარმოებიდან დაწყებული, ბევრი მიმართულებაა და ამ საქმიანობაში ჩართულია მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური მოსახლეობა, რომელიც შრომობს და ქმნის სარგებელს თავისი ოჯახისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის.

ვთვლი, რომ შესაძლებლობები, პოტენციალი გაცილებით დიდია და ზუსტად ეს უნდა იყოს ახალი მერის, საკრებულოს საზრუნავი. ის სიმდიდრე, რომელიც აქ არის და მთელი ქვეყნის სიმდიდრეა, მაქსიმალურად უნდა მივიტანოთ თითოეულ ადამიანამდე, რადგან აგროტურიზმს, ეკოტურიზმს ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს . ყველა უნდა ესტუმროს მთიან აჭარას, თავისი წვლილი შეიტანოს შიდა ტურიზმის განვითარებაში და დატკბეს ამ ხალხთან ურთიერთობით, სილამაზის დათვალიერებით.

სოფლებთან კომუნიკაცია, ახალგაზრდობის მეტი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში – ესაა ის, რასაც ჩვენ მერისგან და საკრებულოსგან ველოდებით და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.

თქვენ გყავთ ძლიერი კანდიდატი, რომლის გამარჯვებაშიც დარწმუნებულები ვართ და ოთხი წლის შემდეგ, ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ კონკრეტულ შედეგებზე, რასაც ახალმა მერმა, საკრებულომ, „ქართული ოცნების” გუნდმა მიაღწია ამ მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები