ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი ინიციატივით, დავიწყეთ ძალიან კარგი პროექტი – განახლებული რეგიონები, რათა ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოეწყოს ევროპული ტიპის ცენტრები, ყველა მუნიციპალიტეტისთვის მიცემული მაქვს დავალება, მოეწყოს ახალი ტურისტული ატრაქციები

ყველა მუნიციპალიტეტის, რეგიონის დონეზე გვაქვს შესწავლილი ის რესურსი, რომელიც გაგვაჩნია, ვგულისხმობ მიწას და წიაღისეულს, რომელიც ამა თუ იმ რაიონში და მუნიციპალიტეტში მოიპოვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქობულეთის მერობის კანდიდატის, ლევან ზოიძის წარდგენაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნებისმიერი რესურსი უნდა იქნას ათვისებული მაქსიმალურად, რათა შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.

„რაც შეეხება ჩვენს გეგმებს და მომავალს, მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ პროექტზე. ჩვენი ამოცანა და მთავარი მისწრაფება უნდა იყოს ის, რომ ყველა ქალაქი, ყველა მუნიციპალიტეტი უნდა გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად. ამ მიზნით, ჩემი ინიციატივით, დავიწყეთ ძალიან კარგი პროექტი – განახლებული რეგიონები. ეს არის ურბანული განახლების პროექტები, იმისათვის, რომ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოეწყოს ევროპული ტიპის ცენტრები, ჩართული გვყავს საუკეთესო არქიტექტორები და მშენებლები, რომლებმაც სამუშაოები უკვე დაიწყეს და ეტაპობრივად, ფაზებად გვაქვს დაყოფილი. წელს 500 მილიონი იხარჯება ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ამ პროექტზე. ეს მისცემს საშულებას კერძო ბიზნესს, მოაწყოს კაფე, რესტორანი და სხვა და ჩვენს მოსახლეობას კიდევ უფრო მეტი კომფორტი და დასვენების საშუალება მიეცემა. დაგეგმილია რეკრეაციული სივრცეების – პარკების და სკვერების მოწყობა.

ამას გარდა, ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად ტურიზმის მიმართულებით. დაწყებული გვაქვს მუშაობა, ყველა მუნიციპალიტეტისთვის მიცემული მაქვს დავალება, რომ დამუშავდეს ის ტურისტული პოტენციალი და რესურსი, რომელიც გაგვაჩნია და ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყოს ახალი ტურისტული ატრაქციები, ახალი კურორტები შევქმნათ, რომელიც იქნება დამატებითი მიზიდულობა, როგორც ჩვენი შიდა, ასვე უცხოელი ტურისტებისათვის.

სოფლის მეურნეობაზე მინდა რამდენიმე სიტყვით გითხრათ – ჩვენ ბოლო წლებში დიდი პროგრესი გვქონდა ამ სფეროში, 2 მილიარდამდეა ინვესტირებული, როგორც მთავრობის, ასევე კერძო ბიზნესის ფული და გლეხს და ფერმერს გაუჩნდა რეალური მოტივაცია რადგან, უამრავი წარმატების მგალითი შევქმენით. თუნდაც, აჭარის რეგიონში, გურიაში, მოცვის, ჩაის პლანტაციების აღდგენა და განვითარება. ჩვენ გავხსენით ასევე ბაზრები. მანამ, სანამ გასაღების ბაზარი იყო დაკეტილი, ეს მოტივაციას უკარგავდა ადმიანს. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გავხსენით რუსეთის ბაზარი, რომელიც არის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი მსოფლიოში და ყველა მიისწრაფვის ამ ბაზრის ასათვისებლად. ამას გარდა, ჩვენ გავხსენით ევროკავშირის 500 მილიონიანი ბაზარი, რომელიც არის ასე უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ფერებისათვის, რომ გაიტანონ თავიანთი პროდუქცია. ამის შედეგად, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს ძალიან დიდი ზრდა. ჩინეთთან მოვაწერეთ ასევე ხელი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და გახსნილია ჩინეთის ბაზარი. ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება. მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ყველა მუნიციპალიტეტის, რეგიონის დონეზე გვაქვს შესწავლილი ის რესურსი, რომელიც გაგვაჩნია, ვგულისხმობ მიწას და წიაღისეულს, რომელიც ამა თუ იმ რაიონში და მუნიციპალიტეტში მოიპოვება. ნებისმიერი მიწა თუ სხვა ნებისმიერი რესურსი, უნდა ავითვისოთ მაქსიმალურად, რომ გამოვიყენოთ და შევქმნათ დამატებითი ღირებულება, დამატებითი სამუშაო ადგილები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები