“საყდრისის კომიტეტი”: ვარძიის ისტორიული ლანდშაფტი საფრთხეშია
“ვარძიის ისტორიული ლანდშაფტი საფრთხეშია!”, – ამის შესახებ ინფორმაციას “საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” ავრცელებს.
განცხადების თანახმად, „საყდრისის კომიტეტი“ მოუწოდებს საზოგადოებას, ხელისუფლებას არ დაუშვან მშენებლობის განახლება, რადგან პრეცედენტი გამოიწვევს ვარძიის მიმდებარედ გასხვისებულ მიწებზე დიდი მშენებლობების ბუმს, რაც არა მარტო გაანადგურებს ვარძიის ისტორიულ ლანდშაფტს, არამედ საბოლოოდ მოუსპობს ძეგლს შესაძლებლობას – გახდეს UNESCO-ს ნუსხის წევრი.
“როგორც ცნობილია, 2021 წლის 4 აგვისტოს „ფორბსმა“ (ესპანეთი) მუზეუმ- ნაკრძალი ვარძია 7 შთამბეჭდავ მიმართულებებში დაასახელა, ამ აღიარებას წინ უსწრებდა კიდევ ერთი – „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო. ახლა კი სანამ ვარძია მორიგი ჯილდოს – „ევროპის საზოგადოების რჩეული ძეგლის“ სტატუსის მოსაპოვებლად იბრძვის ძეგლის გარშემო მოვლენები სამწუხაროდ ასე ვითარდება:
„საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ 2019 წლის 27 მარტს „საყდრისის კომიტეტმა“ გაასაჯაროვა ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ვიზუალური დაცვის ზონაში 120 ნომრიანი სასტუმროს “მესხური სოფლის“ უნებართვო მშენებლობის ფაქტი, რომელსაც „ინოვაციური სამშენებლო კომპანია“ რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის სოსო ორჯონიკიძის დაკვეთით აწარმოებდა. სამუშაოები გარდა იმისა რომ უკანონო იყო, ის საფრთხეს უქმნიდა ძეგლს მოხვედრილიყო მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, რომელზეც თავს „UNESCO“ (იუნესკო) სწორედ განაშენიანების გენ. გეგმის არ არსებობის გამო იკავებს.
მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კატეგორიულად ითხოვდა შეეჩერებინათ სამუშაოები (სააგენტოს წერილი 5.10. 2018 წ.) მშენებლობა მაინც მიმდინარეობდა (?!).
„საყდრისის კომიტეტის“ ადგილზე აქტიურობის შედეგად, 2019 წლის 10 აპრილს იმის გამო „რომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის უძველესი ძეგლის დამცავ ზონაში წარმოებული უნებართვო სამუშაოები უხეშად არღვევდა კულტურული ღირებულების მქონე ისტორიული ლანდშაფტის ქსოვილს და სტრუქტურას, ასევე სამშენებლო პროცესის შედეგად ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში თვალსაჩინო დისონანსი იქმნებოდა“ სამუშაოები შეჩერებული იქნა. (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება – 10.4.2019 წ)
მიუხედავად მიღწეული შედეგისა „საყდრისის კომიტეტს“ დღემდე არ შეუწყვეტია სამშენებლო ადგილის მონიტორინგი.
სამწუხაროდ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით 2020 წლის გაზაფხულიდან და განსაკუთრებით ბოლო დროს სასტუმროს ინვესტორებს მთავრობის წევრებთან აქვთ აქტიური კონსულტაციები მშენებლობის განახლების მიზნით.
„საყდრისის კომიტეტი“ ამჯერადაც მიესალმება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მტკიცე პოზიციას – ბოლომდე დაიცვას ძეგლის ინტერესები, თუმცა როგორც ჩანს ბიზნესი დანებებას არ აპირებს.
„საყდრისის კომიტეტი“ მოუწოდებს საზოგადოებას, ხელისუფლებას არ დაუშვან მშენებლობის განახლება, რადგან პრეცედენტი გამოიწვევს ვარძიის მიმდებარედ გასხვისებულ მიწებზე დიდი მშენებლობების ბუმს, რაც არა მარტო გაანადგურებს ვარძიის ისტორიულ ლანდშაფტს, არამედ საბოლოოდ მოუსპობს ძეგლს შესაძლებლობას – გახდეს „UNESCO“-ს ნუსხის წევრი.
ასევე მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ დაიწყოს ქალაქმშენებლობის დოკუმენტაციაზე მუშაობა, რომელიც გარდა იმისა რომ უზრუნველყოფს ინვესტიციების სწორად წარმართვას, ასევე ხელს შეუწყობს ვარძიის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვედრას.
„საყდრისის კომიტეტი“ მომავალშიც გააგრძელებს საკითხის მონიტორინგს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.