გამგებლის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ლაბორატორიამ ლორთქიფანიძის N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობის შესწავლა დაასრულა

ლორთქიფანიძის ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობის შესწავლა მუნიციპალური ლაბორატორიამ დაასრულა. ისინი კორპუსის მდგრადობას დილიდან სწავლობდნენ. აღნიშნული კორპუსი იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც გუშინ ფერდის ნაწილი ჩამოიშალა.

როგორც ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი დასკვნა რამდენიმე დღეში დაიდება.

ვაკის რაიონის გამგებლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კორპუსიდან, სადაც ევაკუაცია განხორციელდა, სულ 22 ადამიანი არის გაყვანილი და, როგორც მან აღნიშნა, ყველა ადამიანს, ვისაც გადაყვანის საჭიროება აქვს, სასტუმროში გადაჰყავთ.

„ამ ეტაპზე, 22 ადამიანი არის გაყვანილი კორპუსიდან. დანარჩენი ნათესავებთან გადავიდნენ, ზოგს კი მეორე სახლი ჰქონდა. ყველა ადამიანს, ვისაც გადაყვანის საჭიროება აქვს, გადაგვყავს სასტუმროში. ამ ეტაპზე არც ერთი ადამიანი არ არის კორპუსში.

დილიდან მუნიციპალური ლაბორატორია სწავლობდა კორპუსის მდგრადობას. დაასრულეს შესწავლა და დასკვნა დაიდება“, – განაცხადა კვინიკაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი – ანა დოლიძე. მისი განცხადებით, ამ საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

„ამ საკითხს აუცილებლად სჭირდება გამოძიება. ერთადერთი სწორი გაგრძელება ამ საქმის არის გამოძიება და გამოძიებით დადგენა, რამდენად ვიღაცა ჩინოვნიკმა ბოროტად გამოიყენა თავის თანამდებობა ან შეიძლება საკუთარ ჯიბეს გადააყოლა ამ კორპუსების მცხოვრებლების კეთილდღეობა. ფაქტია, რომ ვიღაცეების ჯიბეს მიყვება ჩვენი ქალაქის მცხოვრებლების ჯანმრთელობა და სიმშვიდე. სახეზეა მიყენებული ზიანი და ამ ზიანზე პასუხი უნდა აგოს იმ ხალხმა, რომლის უნიათობით, კორუფციული ინტერესით მოხდა ამ ზიანის მიყენება“, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები