მოსამართლე ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების მიმართ განაჩენს 25 აგვისტოს გამოიტანს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების: ვაჟა გიგაურის, სულიკო საყევარაშვილისა და გიორგი სახელაშვილის პროცესი დასრულდა. სასამართლო სამივე პირის მიმართ განაჩენს 25 აგვისტოს გამოიტანს.
დღევანელ პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა დაცვის მხარემ, ასევე, საკუთარი საბოლოო სიტყვა წარმოთქვა სამივე ბრალდებულმა.
ვახო სანაიას განცხადებით, 25 აგვისტოს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს, რადგან „ყველაფერი ხელის გულზე დევს და მოსამართლემ პროცესებზე ყველაფერი ნახა, იქნება ეს ვიდეომტკიცებულებები თუ ექსპერტიზის დასკვნა“.
„ჩემი აზრით, მოსამართლეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ივლისში უნდა მიეღო. მაგრამ კიდევ გადადო 25 აგვისტომდე, დღეს ნახევარ საათში მორჩა პროცესი, შეეძლო, გასულიყო სათათბიროდ და გადაწყვეტილება გამოეცხადებინა. 25 აგვისტოს ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს, ყველაფერი ხელის გულზე დევს და მოსამართლემ ამ პროცესებზე ყველაფერი ნახა, იქნება ეს ვიდეომტკიცებულებები თუ ექსპერტიზის დასკვნა. საბოლოო სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულებმა, რაც ღიმილისმომგვრელი იყო, სრული აბსურდი გაიმეორეს ისევ და იხვეწებიან გამოშვებას, ამაზე უნდა ეფიქრათ მაშინ, როდესაც ძალადობდნენ ოჯახზე და პატარა ბავშვის თანდასწრებით თავს დაგვესხნენ. რას ნიშნავს სასამართლოზე ზეწოლა, როდესაც მე და ჩემი კოლეგები დამნაშავეების დასჯას ვითხოვთ, ერთხელ და სამუდამოდ პრეცედენტი უნდა შეიქმნას ამ ქვეყანაში, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმისას პასუხი აგონ დამნაშავეებმა”, – აღნიშნა ვახო სანაიამ.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.