NRx: საქართველოში ისრაელის წარმოების ვაქცინის კვლევა ოქტომბერში დაიწყება
NRx Pharmaceuticals კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის – BriLife-ის კლინიკური ცდების IIb ფაზას საქართველოში ოქტომბერში დაიწყებს.
თავდაპირველად, მოსალოდნელი იყო, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი ზაფხულში იქნებოდა, თუმცა, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, პროფესორმა ჯონათან ჯავითიმ The Jerusalem Post-ს განუცხადა, რომ პრეპარატის კვლევის მესამე ეტაპს ოქტომბერში დაიწყებს.
BriLife-ის კლინიკური ცდები სამ ქვეყანაშია დაგეგმილი: საქართველოში, ისრაელსა და უკრაინაში, რომელშიც 30 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. პრეპარატის შემქნელებს მიაჩნიათ, რომ მათი ვაქცინა “დელტა” შტამისგანაც არის ეფექტური.
ვაქცინა შეიქმნა Nes Zion-ის ბიოლოგიური კვლევის ინსტიტუტის მიერ ერთი წლის წინ. ერთი თვის წინ, ინსტიტუტმა და ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადეს NRx Pharmaceuticals-თან თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. შეთანხმება მიზნად ისახავს პრეპარატის შემუშავების, რეგისტრაციისა და მასობრივი წარმოების დაჩქარებას, რომელსაც სირთულეები შეექმნა ერთი წლის წინ. ერთობლივი ძალებით კი, ჩატარდება ვაქცინის კლინიკური კვლევების ბოლო, მესამე, ყველაზე ძვირადღირებული ეტაპი, შემდეგ კი პროექტის კომერციალიზაცია მოხდება.
საქართველოში კვლევა ჩატარდება ლუგარის ცენტრში და მასში ჩაერთვება 300 ადამიანი, რომლებიც მიიღებენ წამლის ინტრამუსკულურ და ტრადიციულ ინექციებს.
ისრაელში აცხადებენ, რომ BriLife-ის ვაქცინა განსხვავდება Pfizer-სა და Moderna-ს პრეპარატებისგან იმით, რომ იგი ორგანიზმის იმუნური სისტემას COVID-19-ის სპაიკ ცილას სთავაზობს. გარდა ამისა, ის ადვილად შეიძლება, მოერგოს კორონავირუსის ახალ ვარიანტებს.
ისრაელის ვაქცინის კლინიკური კვლევების მეორე ეტაპი დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. მასში 800-მდე მოხალისემ 9 საავადმყოფოში მიიღო მონაწილეობა, პროცესი რამდენიმე კვირაში დასრულდება.