ჯანდაცვის მინისტრმა და ცესკო-ს თავმჯდომარემ არჩევნებისთვის სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელეს

ჯანდაცვის მინისტრი ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდა. ეკატერინე ტიკარაძისა და გიორგი კალანდარიშვილის შეხვედრის მიზანი, ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გასათვალისწინებელი კოვიდრეკომენდაციები იყო.

კალანდარიშვილის თქმით, სამოქმედო გეგმა გულისხმობს, რომ პირველ ეტაპზე განხორციელდეს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ვაქცინაცია, ბუნებრივია, იმ კომისიის წევრების, ვინც თავიანთი ნებით გამოხატავენ ამ პროცესში ჩართვის სურვილს.

“დღეს ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, რომელიც შეეხებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების ვაქცინაციას. ვისაუბრეთ ამ საკითხის ლოჯისტიკურ გადაწყვეტაზე და შევთანხმდით გარკვეულ სამოქმედო გეგმაზე ამ მიმართულებით. საუბარი არის საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებებზე, რაშიც ჩვენთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წვლილი და როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. განსაკუთრებით იმ პოლიტიკური პარტიების, რომელთაც საარჩევნო კომისიაში აქვთ უფლებამოსილება დანიშნონ კომისიის წევრები. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ იმ კოვიდრეგულაციებთან მიმართებაში, რომლის დადგენაც ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციების საფუძველზე მოუწევს საარჩევნო ადმინისტრაციას. საუბარია ოთხ მნიშვნელოვან კანონქვემდებარე აქტის განახლებაზე, რომელზეც ჩვენ ჯანდაცვის უწყებასთან ერთად ვმუშაობთ. მათ შორის ეს აქტები უკვე დაეგზავნა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მაღალი ინკლუზიურობით ჩვენ კიდევ ერთხელ შევქმნით იმ სამართლებრივ ბაზას, რომელიც მოაწესრიგებს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება კენჭისყრის დღისთვის და იმისთვის, რომ ამომრჩეველს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში შეეძლოს ხმის მიცემა და თავისი ნების გამოვლენა. სამოქმედო გეგმა გულისხმობს, რომ პირველ ეტაპზე განხორციელდეს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ვაქცინაცია, ბუნებრივია, იმ კომისიის წევრების, ვინც თავიანთი ნებით გამოხატავენ ამ პროცესში ჩართვის სურვილს. ასევე, ვისაუბრეთ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საარჩევნო ადმინისტრატორები როგორც საოლქო, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე გამოთქვამენ თავიანთ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომ ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები