ნანა კაკაბაძე: კაპიტანი გიგაური, რომელმაც 7 ნოემბერს მშვიდობიანი მიტინგის დარბევისთვის მედლები ჩამოარიგა, ვის რეპუტაციაზე ლაპარაკობს?

რატომ დატოვა ცესკო-ს პირველივე სხდომა დემარშით ,,გამჭვირვალობა საქართველომ” და ,,სამართლიანმა არჩევნებმა?“

6 აგვისტოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კომისიის თავმჯდომარისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაცნობითი შეხვედრა შედგა. პირველივე შეხვედრაზე ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ

– ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ და ,,სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკო-ში მიწვეულ არასამთავრობო ორგანიზაციათა რეპუტაციაში ეჭვი შეიტანეს და მეორე დღესვე დატოვეს სამუშაო ჯგუფი. ,,კვირა“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელს, ნანა კაკაბაძეს ესაუბრა:

-როგორი შთაბეჭდილება დატოვა ცესკო-ს ახალმა თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა იმ არასამთავრობოებზე, რომლებიც ცესკო-ში სამუშაო ჯგუფის სტატუსით იყავით მიწვეული?

-არასამთავრობოთა უმრავლესობა გიორგი კალანდარიშვილს იცნობდა, როგორც კარგი რეპუტაციის მქონე, სამართლიან, მიუკერძოებელ, პროფესიონალ და წესიერ ადამიანს, რასაც ვერ ვიტყოდი ენჯეო-თა ნაწილზე. 19-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ბოლო დროს გამოირჩევა  აქტიურობით, საზოგადოებას დაანახა, რომ ისინი ერთი პოლიტიკური ძალის დანამატს წარმოადგენენ, ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესი მათთვის არავითარ ღირებულს არ წარმოადგენს.

-რა გაძლევთ ამ ეჭვის საფუძველს?

-თუნდაც ის, რაც მათ ჩაიდინეს ცესკო-ს პირველივე სამუშაო შეხვედრაზე. ისინი ცესკო-ში მოვიდნენ მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის ლობირებისთვის. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ღიად განაცხადა: ჩვენ არასამთავრობოთა ამ შემადგენლობას ცესკო-ში არ მოველოდითო. მათი დაჟინებული მოთხოვნა იყო, დებულებაში ჩაგვეწერა, რომ სამუშაო ჯგუფს ყველა გადაწყვეტილება უნდა მიეღო კონსენსუსუს გზით და თუ ეს კონსენსუსი არ შედგებოდა, საკითხებიც უნდა ჩავარდნილიყო.

– ყველა საკითხის კონსენსუსით მიღება თითქმის წარმოუდგენელია ნებისმიერ პოლიტიკურ თუ საარჩევნო საკითხზე…

-შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ ცესკო-ში სამუშაო მაგიდის ირგვლივ მხოლოდ ერთი გუნდის წევრები ისხდებიან. ყველა სხვა შემთხვევაში კონსენსუსის გზით მიღებული გადაწყვეტილება, სადაც აზრთა სხვაობაა, წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება, 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ზუსტად ერთნაირად იფიქროს და ერთი გადაწყვეტილება მიიღოს საარჩევნო საკითხებზე? თუ ასეთი მოლოდინი ჩნდება, ნებისმიერ შემთხვევაში, ან პოლიტიკურ სექტასთან გვაქვს საქმე ან ერთ ძალასთან აფილირებული ენჯეო სექტორის ინტერესებზე. ასე ხომ  ყველა საკითხის ხელოვნურად ჩააგდება შესაძლებელია? პარლამენტმა მიიღო კანონი ხმათა 2/3-ით ცესკო-ს თავმჯდომარის 5 წლის ვადით დამტკიცების თაობაზე. 70 ხმაზე ნაკლების მიღების შემთხვევაში კი, თავმჯდომარე მხოლოდ 6 თვით ინიშნება. ხომ შეიძლება მსგავსი რამის მოგფიქრება ენჯეო კომისიის მუშაობისასაც?

-რამდენად იყვნენ სამუშაო განწყობით  არასამთავრობო ორგანიზაციები პირველ შეხვედრაზე?

-შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მხოლოდ კამერების წინ გამოსაჩენად მოვიდა, ინტერვიუები ჩამოარიგა და ჟურნალისტებთან ერთადვე ,,გაქრა.“ რაც შეეხება ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და ,,სამართლიან არჩევნებს“, რომლებიც სხდომას დაესწრნენ, აღმოჩნდა, რომ მათ არც განსახილველი საკითხები, არც სხდომის მიმდინარეობა არ აინტერესებდათ. უბრალოდ, განაცხადეს – ამ შემადგენლობით ენჯეო სექტორს არ ველოდითო და დატოვეს კომისიის შემადგენლობა. პირველივე შეხვედრის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ არასამთავრობოთა ნაწილი ცესკო-ში დესტურქციისთვის მოვიდა და არა – სამუშაოდ.

-მათთვის სასურველი შემადგენლობა რომ ვერ იხილეს, პროტესტი მხოლოდ ამან გამოიწვია?

-რა მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის კომისიის შემადგენლობას და რა მიზანს ემსახურებოდა ორი არასამთავრობოს დემარში, მკითხველი მარტივად მიხვდება. 7 აგვისტოს, სხდომის დაწყებამდე, რომელიც 14.30-საათზე უნდა გამართულიყო, ორი არასამთავრობო გამოცხადა ცესკო-ში და განაცხადეს, რომ არ ენდობიან პროცესებსა და იმ ორგანიზაციებს, რომელთა რეპუტაციის მიმართ სერიოზული კითხვები არსებობს.

-კერძოდ, ვის რეპუტაციას აყენებდნენ კითხვის ნიშნის ქვეშ?

-მათი ფავორიტი პარტიის სტილი არჩევნების გაყალბების მტკიცებაა ჯერ კიდევ 2003 წლიდან. მართალია, 2020 წლის არჩევნების გაყალბების დამტკიცება, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მათ ვერ მოახერხეს, თუმცა, სხვა გზას მიმართეს. ქვეყნის მასშტაბით 3800 უბანზე ვერცერთმა თავიანთმა დამკვირვებელმა ვერ დადო ფაქტები არჩევნების გაყალბებისა, მიუხედავად ამისა, ყველა ღონე იხმარეს პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის პრობლემის შესაქმნელად. ახლა კი ასეთივე ლეგიტიმაციის პრობლემის შექმნას ცდილობენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის და მომავალშიც შეეცდებიან დესტრუქციის მოწყობას ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდებათ.

-ხომ არ დაუკონკრეტებიათ, კერძოდ, რომელი არასამთავრობოების რეპუტაციას აყენებდნენ ეჭვქვეშ?

-ვფიქრობ, პირველ ყოვლისა, საკუთარი რეპუტაცია უნდა მოიკითხონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა საქმიანობის შესახებ ქართულ საზოგადოებას სერიოზული კითხვები აქვს.

-კერძოდ?

-რა საქმიანობის განსახორციელებლად იღებენ და ხარჯავენ უზარმაზარ ფინანსებს, ვის ინტერესებს ემსახურება მათი საქმიანობა. გარდა ფინანსური მხარისა, არსებობს სხვა სერიოზული კითხვებიც კაპიტანი გიგაურის მისამართით, რომელმაც 2007 წლის 7 ნოემბერს ოფიციალურად დააჯილდოვა ის პოლიციელები, რომლებმაც მშვიდობიანი მიტინგი სასტიკად დაარბიეს რუსთაველის პროსპექტზე. ორგანიზაცია, რომელსაც ასეთი დისკრედიტებული ხელმძღვანელი ჰყავს, ვის დისკრედიტაციაზე საუბრობს?

-გარდა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსი“, ცესკო, ამავე ბრალდებით, დატოვა მეორე არასამთავრობო ორგანიზაციამ – ,,სამართლიანმა არჩევნები.“

-რაც შეეხება ,,სამართლიან არჩევნებს“, რომელიც ახლა ენჯეო-სექტორის მიმართ ტალახის სროლითაა დაკავებული და მიაჩნია, რომ რაც მეტ ტალახს ესვრის სხვას, ყველას დაავიწყდება, რა ჩაიდინეს 2020 წლის არჩევნებისას, ძალიან ცდება. მან კრიმინალური ოპოზიციის დაკვეთა შეასრულა და განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა. ერთადერთ მტკიცებულებად კი პარალელური დათვლის ოქმი წარადგინეს, თითქოს, 8 ოლქში მათ ასეთი მტკიცებულებები ჰქონდათ; თუმცა, კერძოდ რომელი ოლქები და უბნები, ამის მტკიცებულება ორგანიზაციას არცერთ დონეზე არ წარუდგენია. მათ პასუხი არ გაუციათ არც იმ მეთოდოლოგიაზე, რომლითაც პარალელური არჩევნების ხმები დაითვალეს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება და ხელისუფლება ყველა დონეზე დაინტერესდა ამ ფაქტებით, ,,სამართლიანი არჩევნები“ დღემდე არ აწვდის გამოძიებას გაყალბების არცერთ ფაქტს.

-მათ მტკიცებულებები არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არც საპარლამენტო კომისიაში და არც პროკურატურაში არ წარუდგენიათ?

-არა, რასაკვირველია. ნაცვლად იმისა, რომ ახლა გამოძიება მიმდინარეობდეს და ,,სამართლიანი არჩევნები“ პროკურორის კითხვებს პასუხობდეს, მათი გაყალბებული მტკიცებულებების საქმეც ისევე ჩაიფარცხა, როგორც არაერთი სხვა…

-რატომ?

-ვფიქრობ, ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის ქვეშ მოექცა და ამ არასამთავრობოების წინააღმდეგ არ დაიწყო გამოძიება. ასეთი კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც ,,შეცდომა“ აღიარა და თანამდებობიდან გადადგა. დღეს კი მისი შავბნელი საქმეების მკეთებელი ორგანიზაცია ბედავს და სხვა არასამთავრობოების რეპუტაციას აყენებს ეჭვქვეშ. რაც შეიძლება მეტი ტალახი უნდა ისროლო სხვების მისამართით, რომ თავად ,,სუფთა“ და ,,უბიწო“ აღმოჩნდე. ესაა სწორედ დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარის მომზადების მცდელობა. ქვეყანაში არავინ უნდა დარჩეს სახელგაუტეხელი და შეუბღალავი რეპუტაციის მქონე ავტორიტეტი, ვის სიტყვასაც საზოგადოება ენდობა და გავლენა ექნება. თუკი ასეთები მაინც გამოჩდნენ, ,,ნაციონალურ მოძრაობასთან,, აფილირებულ 19 ენჯეო-ს მუდამ მზად ექნება მათთვის სასროლი ტალახი, რა პრობლემაა?

-რა მოხდება 3 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს, თუკი ოპოზიციამ მათთვის სასურველი შედეგი ვერ დადო თვითმმართველობის არჩევნებზე?

-არაფერიც არ მოხდება. ქართველმა ამომრჩეველმა საკმაო გამოცდილება მიიღო უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში და ზეპირად იცის, რა შეიძლება, მოიმოქმედოს კონკრეტულმა დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალამ და მასთან აფილირებულმა ენჯეო სექტორმა. ამ შემადგენლობას ემატება 4 პარტიული ტელევიზიის გაუთავებელი პროპაგანდა, რომელთა მიზანია რევოლუციური მუხტის აწევა და ადამიანების ქუჩაში გამოყვანა. დღეს არჩევნების გაყალბების საბაბით ამომრჩეველს რევოლუციას ვერ მოაწყობინებენ, ეს სრულიად გამორიცხულია. კიდევ რა შანტაჟს მოუწყობენ საზოგადოებას, რა ბინძური მეთოდები აქვთ მარაგში თავიანთ არსენალში, მე არ ვიცი, თუმცა, დანამდვილებით ვიცი, რომ კანონიერი გზით ეს სექტა ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები