მაკა ბოჭორიშვილი – ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე: 40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც ლონდონის გადაწყვეტილებას გაამართლებდა
“დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, მას ჩვენ ვთხოვეთ წარმოედგინა საფუძვლები, თუ რას ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც ლონდონში მიიღეს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, მან მოისმინა შეფასებები, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მოუსმენია ის, თუ რას დაეფუძნება ეს შეფასებები.
„ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას და რა თქმა უნდა ჩვენ ელჩს მოვთხოვეთ, თუ რას ეფუძნება ის შეფასებები, რასაც ისინი აკეთებენ ტელეკომპანია „პოსტივისთან“ და „იმედთან“ დაკავშირებით და ის გადაწყვეტილება, რომელიც ქართულ ტელეკომპანიებთან დაკავშირებით მიიღეს.
ასეთი მტკიცებულება, ან რაიმე ასეთი დოკუმენტი, რაც გაამართლებდა ამ გადაწყვეტილებას, მე არ მინახავს, კონკრეტული არაფერი წარმოუდგენიათ. მე მოვისმინე მხოლოდ და მხოლოდ ის შეფასებები, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მომისმენია, რას ეფუძნება ეს შეფასებები, როდესაც ისინი თვლიან, რომ თურმე რუსეთს ვაძლიერებთ და ვასუსტებთ უკრაინას, ან რამენაირად ქართული საზოგადოება ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ლონდონმა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.