“კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები, კეთილგანწყობა და ნდობა ინვესტორების მხრიდან გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო დავაჩქაროთ პრივატიზაციის პროცესი”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი ამოცანა ადამიანების დასაქმებაა.
„დღეს ჩვენ მორიგი პაკეტი, 100 საინვესტიციო კამპანიის ფარგლებში შევთავაზეთ ინვესტორებს საპრივატიზებოდ. ეს არის მთელი რიგი ქონებები, ჯამურად, 90 მილიონ ლარის პაკეტზე მეტი. აქ არის როგორც მიწები, ასევე, ქონება, გარდა ამისა, რამდენიმე სახელმწიფო საწარმოს წილები. სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ძალიან მაღალი ტემპით ვახორციელებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველაფერი, რაც დღემდე არის გაჩერებული, ჩაერთოს ეკონომიკურ ბრუნვაში, შექმნას დოვლათი და ადამიანები დაასაქმოს. ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი არის გადამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, ვაჭრობასა და განთავსების ინდუსტრიაში, ანუ სასტუმროებში“, – განაცხადა თურნავამ.