ლაშა ხუციშვილი: საჯარო მოხელეების ხელფასები არ უნდა იყოს გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციების საგანი
“ბოლო 5-7 წლის განმავლობაში, ერთეული გამონაკლისების გარდა, საჯარო სექტორში ხელფასები პრაქტიკულად გაყინული იყო, არ გაზრდილა, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ მნიშვნელოვნად დაეცემა საჯარო სექტორის კონკურენტუნარიანობა”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საჯარო მოხელეების ხელფასი გარკვეულ ფორმულაზე და წესებზე უნდა იყოს დაფუძნებული.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ პრეზენტაციაში, რომელიც მოიცავდა 10-წლიან გეგმას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ძლიერი საჯარო სექტორი, რომლის გარეშეც ქვეყანაში ვერ მიიღწევა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიზანი და რეფორმა.
ბოლო 5-7 წლის განმავლობაში, ერთეული გამონაკლისების გარდა, საჯარო სექტორში ხელფასები პრაქტიკულად გაყინული იყო.
ხელფასები არ გაზრდილა, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ მნიშვნელოვნად დაეცემა საჯარო სექტორის კონკურენტუნარიანობა და შეფერხდება ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. შესაბამისად, ჩვენ მიერ დისკუსიისთვის გამოტანილი იყო საკითხი, რომ საჯარო მოხელეების ხელფასები არ უნდა იყოს გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და ეს უნდა იყოს გარკვეულ ფორმულაზე ან ინდექსაციასა და წესებზე დაფუძნებული“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.