„საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საერთაშორისო ინვესტორების მიმართ“, – ასე შეაფასა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „ფიტჩის“ მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგი.
მისი თქმით, რეიტინგი ასახავს სარეიტინგო სააგენტოს ნდობას ხელისუფლების მიერ გატარებული როგორც ანტიპანდემიური, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ.
„პირველ რიგში, ეს გამოწვეულია იმით, რომ სწრაფად მიმდინარეობს ჩვენი ეკონომიკის აღდგენა დ სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მაღალი ტემპებით ვითარდება. მისი თქმით, მყარია ინვესტორთა მხრიდან ნდობა და წარმოდგენა საქართველოს ეკონომიკასა და მის ეკონომიკურ პოლიტიკაზე.
„ასევე ურყევია ჩვენი ნება, რომ გავაგრძელოთ სტრუქტურული რეფორმები,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.
„ფიტჩის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად, სააგენტომ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა. ამით საქართველო პანდემიამდელმაჩვენებელს დაუბრუნდა.
ინფორმაციის თანახმად, რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად, სააგენტომ დაასახელა მოსალოდნელზე სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, ძლიერი და დამაჯერებელი მაკროეკონომიკური პოლიტიკა და მაღალი საერთაშორისო მხარდაჭერა, რომლის საფუძველიც გატარებული სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა გახდა.