„რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში, იგივე ხდება მწერლობაში, მის დაკნინებაში, ურთიერთდაპირისპირებაში“…

პოეტი ჯუბა ღებელი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ მწერალთა სახლის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ ღია წერილზე მას ხელი არ მოუწერია და ამის შესახებ მხოლოდ ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ შეიტყო.

„განმარტებისთვის:
ბატონებო, 30 წლის დამოუკიდებლობის თავზე, შეიძლება თამამად განვაცხადო, რომ სრული დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ კორუფციის, გაუტანლობის, მომხვეჭელობის დარგსა და კიდევ უამრავ სფეროში…
რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში, იგივე ხდება მწერლობაში, მის დაკნინებაში, ურთიერთდაპირისპირებაში…
დაქცეულ ქვეყანაში დაქცეული მწერლობაა და კიდევ უფრო უნდათ მისი დამცრობა, რადგან მწერლობაა ერის ზნეობრივი კატეგორიების, მისი გენეტიკური კოდის მაზიარებელი!..
საქართველოსთვის მწერლობა განსაკუთრებული ფენომენია… ძველმა ბერძნულ-რომაულმა ლიტერატურამ ვირგილიუსის „ენეიდით” დაასრულა დიდი ლიტერატურული პროცესები და 12-საუკუნოვანი პაუზის შემდეგ საქართველომ (შოთა რუსთაველმა) უთხრა მსოფლიოს, რომ დაიწყო დიდი რენესანსი ლიტერატურისა…
რუსთაველს მოჰყვნენ გურამიშვილი, ბესიკი, ბარათაშვილი და მე-20 საუკუნის დიდი ქართველი მწერლები!..
დიახ, მე-20 საუკუნის დიდი ქართული მწერლობა, რომელსაც, სამწუხაროდ, მრავალი კომუნისტურ, ნეო-ბოლშევიკურ მწერლობად ნათლავს!..
ბუნებრივია, რომ ახალ პოლიტიკურ წესრიგს, ახალი ლიტერატურული პროცესებიც მოჰყვა, მაგრამ ის, რომ კასტებად და კლასტერებად დაიყო მწერლობაც, არახალი და სამწუხარო ამბავია!..
მწერალს, ყოველ შემთხვევაში, ცნობილ მწერალს, კონკურსებში მონაწილეობა მხოლოდ თანხის გამო სჭირდება, თორემ პრემიები და ჯილდოები, რა თქმა უნდა, მათ კალამს ვერაფერს შემატებს…
ამიტომაა, რომ ამ ელიტარულ კონკურსებში ხანდახან ცნობილ გვარებსაც გამოურევენ!..
გულწრფელად მაინტერესებს, „ლიტერას” ჟიურის ერთ წევრად განსხვავებული შეხედულებების პიროვნების დაშვებამ, რატომ გამოიწვია ასეთი გაუგებრობა?.. ერთს ოთხისთვის რა უნდა დაეკლო?.. ძაღლის თავი სადაცაა დამარხული, თავად იციან, თორემ ჩვენთვის, „კულისებში” მყოფ, მათთვის უცნობ მწერლებისთვის არც რა ზიანის, არც რა სარგებლის მომტანი არაა!..
მიუხედავად იმისა, რომ მწერალთა ეროვნული აკადემიის მიერ გამოქვეყნებული წერილის შესახებ არაფერი ვიცოდი და ბოლო ჟამის საქართველოში სიძულვილის ენით საუბარს თუ ყოველგვარ დაპირისპირებას ვემიჯნები, მაინც უნდა ვთქვა, რომ ბევრი რამე არაა დალაგებული ამ დარგში და რომ წერილში წამოჭრილი საკითხები პრობლემატურია…
მწერალთა სახლიდან მწერლების გამოდევნა რომ არასასიამოვნო ფაქტია, ალბათ დამეთანხმებით… ეს სახელმწიფო პოლიტიკაა და ასე გადაწყდა, თორემ თავად მის დირექტორს პატივის მეტი პირადად ჩემთვის და ჩემი მეგობარი მწერლებისთვის არაფერი გაუკეთებია.
P.S. დასასრულს მინდა ვთქვა და მოვუწოდო ყველას, ვისაც კალამთან და სიტყვასთან საქმე აქვს, რომ არ ავყვეთ მავანთა მცდელობას მწერლების დაპირისპირების და გათიშვის საქმეში, არ გადმოვიტანოთ პოლიტიკა ლიტერატურაში და პატივი ვცეთ ერთმანეთს.. . პატივი და სიყვარული კი ორმხრივი უნდა იყოს და უნდა ვიცოდეთ, რომ კულისებში, უფრო სწორედ ჩრდილში არიან საკმაოდ სახელოვანი მწერლები (ჩამოთვლას არ დავიწყებ), რომლებიც არც კონკურსებს და არც ტელევიზიებს არასდროს ახსენდებათ“!..- წერს ჯუბა ღებელი.
ცნობისათვის: „საერთო გაზეთში“ გამოქვეყნა მწერალთა აკადემიის კოლექტიური წერილი – მწერალთა აკადემიის წევრები კულტურის მინისტრს თეა წულუკიანის მწერალთა სახლის საწინააღმდეგო ღია წერილით მიმართავენ, რომელიც შეურაცხმყოფელი ლექსიკით გამოირჩევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები