კახა კუჭავა: სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოსთან თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი მჭიდრო, როგორიც დღესაა
მრავალეროვნული სწავლება ,,მტკიცე სული”, რომლის დახურვის ცერემონიაზეც დღეს ვიმყოფებით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სწავლებაა. ის ფაქტი, რომ მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ, თანხვედრაშია და ეხმიანება საქართველოს გაცხადებულ პოლიტიკას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021-ის დახურვის ცერემონიაზე განაცხადა.
მისი თქმით, მრავალეროვნული სწავლება ყოველწლიურად გვაახლოებს ნატოსთან, რაც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია და გვაძლევს საშუალებას, ვუპასუხოთ თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.
„სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოსთან თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი მჭიდრო, როგორიც არის დღეს. ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებაში და არ ვიშურებთ ძალისხმევას იმისათვის, რომ გავზარდოთ ალიანსთან თავსებადობა. მეტი ნატო საქართველოში – დარწმუნებული ვარ ეს გზავნილი გვაერთიანებს ყველას, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა. ამის ბრწყინვალე მაგალითია პარლამენტის მიერ შემუშავებული საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი განცხადება, რომელსაც ყველა საპარლამენტო პარტიამ მოაწერა ხელი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
მისივე თქმით, საქართველოსა და სწავლებაში ჩართული ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების მიდგომას, რომ საერთო ძალისხმევით შევქმნათ უსაფრთხო და სტაბილური გარემო, ასახავს სწორედ ამ სწავლების მთავარი გზავნილი – „ძალა პარტნიორობაშია“.
„დღეს, 6 აგვისტოს, ყველანი ერთად, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას თავი შესწირეს.
ჩვენი ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად კვლავაც რჩება ოკუპაცია! სტრატეგიული მოკავშირეების თანადგომითა და უწყვეტი მხარდაჭერით, საქართველო ახორციელებს სამშვიდობო პოლიტიკას დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის განვმეორდები, ძალა ნამდვილად პარტნიორობაშია“, – განაცხადა კახა კუჭავამ.