კახა კუჭავა: არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს დემარში განახორციელოს საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ
“ქალბატონმა პრეზიდენტმა, ალბათ, ვერ შეძლო ჩამოსვლა”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ კითხვას, რატომ არ ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ფიცის დადებას.
მისი თქმით, პრეზიდენტსა და მმართველ ძალას შორის შესაძლო კონფლიქტზე საუბარი აზრს მოკლებულია.
„მან, პრეზიდენტმა, წარმოადგინა ეს კანდიდატი. პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ეს მისი კანდიდატის არჩევა იყო. თუ იმის ეჭვი გაქვთ, რომ მას შეიძლება რაიმე წყენა ჰქონდეს, სჯობს მას ჰკითხოთ. არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს დემარში განახორციელოს საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ. ეს რომ პარტიული ღონისძიება იყოს, ზოგს მართლაც გაუჩნდებოდა ეჭვი, ხომ არ არის ეს დემარში ან კონფლიქტის მიზეზი. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არ არის პარტიული ორგანო და ორგანიზაცია, რომლის წინააღმდეგაც შეიძლება მართლაც დემარში განახორციელონ. მან, ქალბატონმა პრეზიდენტმა, ალბათ, ვერ შეძლო ჩამოსვლა. მე ნამდვილად ვერ გეტყვით ამის მიზეზს, ეს მას უნდა ჰკითხოთ“, – განაცხადა კუჭავამ.