თამარ გაბუნია: შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება, პირბადე უნდა გამოვიყენოთ
“დღეს რაც არის დაწესებული, ეს ყველა შეზღუდვა რომ სრულდებოდეს, თუნდაც 90-პროცენტიანი ან 80-პროცენტიანი სიზუსტით, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა ბევრად უკეთესი გამოსავალი”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის პრევენციისთვის პირბადის ტარება მნიშვნელოვანია.
“ეს ერთი კვირა იქნება ჩვენთვის კიდევ ის პერიოდი, რაც ვფიქრობთ, რომ რეკომენდაციების საფუძველზე გარკვეულწილად უნდა გამოსწორდეს, დიდი თავყრილობები არ უნდა გაიმართოს, თუნდაც ოჯახურ გარემოში და შემდეგ ვნახოთ, მომდევნო საბჭო იქნება სამშაბათს და მეტად კონკრეტულ ინფორმაციას მოგაწვდით.
ის რესურსი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ესეც კარგად არის ცნობილი და რა სცენარით მივდივართ, გასაგებია ჩვენთვის. ჩვენ ამ რისკებს რა თქმა უნდა ვაცნობიერებთ, მაგრამ შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება. დღეს რაც არის დაწესებული, ეს ყველა შეზღუდვა რომ სრულდებოდეს, თუნდაც 90-პროცენტიანი ან 80-პროცენტიანი სიზუსტით, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა ბევრად უკეთესი გამოსავლები. მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული ადამიანი უკვე საკუთარი, ინდივიდუალური პასუხისმგებლობით – პირბადე უნდა გამოვიყენოთ. პირბადის გამოყენება ითვალისწინებს ინდივიდუალური ქცევის კონტროლს. ინდივიდუალური ქცევის კონტროლი ვერც ერთი ადმინისტრაციული უწყების შესაძლებლობის ფარგლებში ვერ მოხერხდება, თუ არ იქნა გაზიარებული ინდივიდუალურ დონეზე მოქალაქეებისგან. ამდენად, კი ბატონო, დავაბრუნოთ ისევ ჯარიმები, მაგრამ თუ ამას ექნება ფორმალური ხასიათი, არანაირ შედეგს არ მივიღებთ“, – განაცხადა გაბუნიამ.