სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს – “ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება”
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება, – ამის შესახებ სატყეო სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე ტყეში გადაადგილებისას, დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები, მოქალაქეებმა კერძო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე არ დაწვან ნარჩენები და თავი შეიკავონ კოცონის დანთებისგან.
გლობალური კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, საქართველოში ნალექის რაოდენობა მნიშვნელოვნად, 20-40 პროცენტითაა შემცირებული.
ხანძრების გახშირება კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მძიმე შედეგია. ხანგრძლივი უნალექო პერიოდის გამო, რომელიც საქართველოში მთელი ზამთრის განმავლობაში შენარჩუნდა, ხანძრების რისკი ტყეებში განსაკუთრებით მომატებულია – გამომშრალია ნიადაგი და ბალახეული საფარი, რაც როგორც ხანძრის წარმოშობას, ასევე, მის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200-ლარამდე. ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 8 წლამდე; თუ ზიანი 1000 ლარს შეადგენს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.