ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წელი გავიდა
დიდი ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორისა და პედაგოგის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წელი გავიდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება ამ თარიღს და პატივს მიაგებს დიდი კომპოზიტორის ხსოვნასა და მის მიერ ქართულ კულტურაში შეტანილ უდიდეს წვლილს.
ზაქარია ფალიაშვილმა მოღვაწეობა 1896 წელს დაიწყო ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერითა და დამუშავებით, ასევე შექმნა პირველი ნაწარმოებები. მოსკოვში სწავლის პერიოდში ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი, რომელთან ერთადაც იგი ქართული ხალხური მუსიკის საღამოებს მართავდა.
საქართველოში დაბრუნებული ზაქარია ფალიაშვილი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ქართულ გიმნაზიასა და სხვადასხვა სამუსიკო სასწავლებელში; 1918 წლიდან იყო თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, სხვადასხვა წლებში კი – დირექტორი.
კომპოზიტორი აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ფილარმონიული საზოგადოების“ დაფუძნებაში, რომლის სამუსიკო სკოლასაც 1908-1917 წლებში ხელმძღვანელობდა. იყო აქტიური წევრი „ქართულ ენაზე ოპერების გამმართველი საზოგადოებისა“ და დირიჟორობდა არაერთ სპექტაკლს.
ზაქარია ფალიაშვილი ნოვატორი კომპოზიტორია, რომელმაც ეროვნული სტილის კლასიკური ნიმუში შექმნა. მან 300-მდე ქართული ხალხური სიმღერა შეკრიბა და დაამუშავა. გამოსცა 2 კრებული – „40 ქართული ხალხური სიმღერა“ და „8 ქართული ხალხური სიმღერა“. შექმნა ქართული ოპერის 3 განსხვავებული ტიპი: მონუმენტური ოპერა-ტრაგედია „აბესალომ და ეთერი“, ლირიკულ-დრამატული – „დაისი“ და გმირულ-პატრიოტული – „ლატავრა“.
ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაზე ქართველ მუსიკოსთა არაერთი თაობა აღიზარდა. კომპოზიტორის სახელობისაა თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი, თბილისის მუსიკალური სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ და ქუჩა სხვადასხვა ქალაქში, ასევე, 1971 წლიდან დაწესებულია ფალიაშვილის სახელობის პრემია.
ზაქარია ფალიაშვილი დაკრძალულია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში. დიდი მუსიკოსის საფლავს მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი ქანდაკება ამშვენებს.