გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 4 სამართალდარღვევა გამოვლენილია ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე. მოქალაქეები, აკრძალული მეთოდით – ანკესზე გამობმული სახლართი ბადეებით ახდენდნენ თევზჭერას.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლიანში მოქალაქე თევზჭერას აკრძალული საშუალების – ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდა. ელექტროშოკური აპარატის მეშვეობით ახორციელებდა თევზჭერას მოქალაქე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის მიმდებარედაც. მას ასევე ჰქონდა ნავი და ჩოგან-ბადე.
სამართალდამრღვევს მოპოვებული ჰქონდა 4 კილოგრამი ხრამულის სახეობის თევზი. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.