Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით საჰაერო-სადესანტო წვრთნა გაიმართა
საქართველოში ჩატარებული მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში პირველად, ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სწავლება ორ ქვეყანას – საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს. Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო სადესანტო წვრთნა საქართველოს თავდაცვის ძალების, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიისა და ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების ერთობლივი მონაწილეობით ჩატარდა.
საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილეები, Agile Spirit 2021-ის ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ვაზიანის აეროდრომზე იმყოფებოდნენ „გენერალ მაზნიაშვილის ახალგაზრდული ლეგიონის“ წარმომადგენლებიც.
,,საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების შვიდი ერთეული C-130 ჰერკულესის ტიპის თვითმფრინავით განხორციელდა. C-130 თვითმფრინავები გერმანიაში, რამშტეინის ბაზაზე არიან დისლოცირებული, Agile Spirit 2021-ის ფარგლებში საჰაერო კომპონენტის მხარდასაჭერად კი, ბორტი ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე იმყოფება.
საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე C-130 თვითმფრინავიდან სამხედრო მძიმე ტექნიკის გადმოსროლით დაიწყო, რის შემდეგაც დანარჩენი თვითმფრინავებიდან პირადი შემადგენლობის დესანტირება განხორციელდა. პარაშუტებით გადმოხტომისას სამხედროებმა Agile Spirit 2021-ში მონაწილე ქვეყნების დროშები გაშალეს. საჰაერო დესანტირების შემდეგ სადესანტო ჯგუფების ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა პარტნიორობისა და მეგობრობის ნიშნად ერთმანეთს პარაშუტისტების ბეჯები გაუცვალეს.
სწრაფი რეაგირების ძალების გადმოსროლის ერთობლივ წვრთნაში საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი) რეინჯერთა ასეული, იტალიის ქალაქ ვიჩენზაში დისლოცირებული ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის 1-91 საკაველერიო პოლკისა და 173-ე სადესანტო ბრიგადის ორი ასეულის ზომის ქვედანაყოფი მონაწილეობდა.
სცენარის მიხედვით, მედესანტეებმა სამხედრო აეროდრომის დაკავების ოპერაცია შემდგომში მომყოლი მოკავშირე მრავალეროვნული ძალების მიღებისა და მათ მიერ აეროდრომის დაკავების მიზნით ჩაატარეს,”- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.