ჰაიტის პოლიცია: ქვეყნის პრეზიდენტის მკვლელობაში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა ეჭვმიტანილი

ჰაიტის პოლიციის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტის მკვლელობაში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა ეჭვმიტანილი. ინფორმაციას  Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჰაიტის პოლიციამ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ვენდელე ქოქ-თელოტის დაკავების ორდერი გასცა, პრეზიდენტ ჯოვენელ მოისეს მკვლელობის საქმეში თანამონაწილეობის ბრალდებით.

პოლიციის მტკიცებით, პრეზიდენტის მკვლელობამდე ქოქ-თელოტმა ორჯერ გამართა შეხვედრა საკუთარ სახლში იმ დაქირავებულ კოლუმბიელებთან, რომლებიც ჯოვენელ მოისეს მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი. პოლიციამ მოსამართლის სახლის ჩხრეკის ნებართვა გასცა. თავად ქოქ-თელოტის ადგილსამყოფელი კი ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, ვენდელე ქოქ-თელოტი და კიდევ ორი მოსამართლე მიმდინარე წლის თებერვალში გაათავისუფლეს თანამდებობიდან, როდესაც ჰაიტის პრეზიდენტმა ისინი მის წინააღმდეგ დაგეგმილი გადატრიალების მცდელობის მოწყობაში დაადანაშაულა.

ჰაიტის პრეზიდენტი, ჯოვენელ მოისე საკუთარ რეზიდენციაში 7 ივლისს მოკლეს. ჯერ ისევ უცნობია, ვინ იდგა პრეზიდენტის მკვლელობის უკან. პოლიციის მიერ დაკავებულია კოლუმბიელთა დაქირავებული რაზმი, თუმცა მკვლელობაში თანამონაწილე პირთა გამოსავლენად გამოძიება კვლავ გრძელდება. მიმდინარე კვირას, მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით პოლიციამ პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელიც დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები