თანამედროვე სომხური ფილმების ჩვენება „კავკასიურ სახლში“

30 და 31 ივლისს, 20:00 საათზე, „კავკასიურ სახლში“, გაიმართება ორი თანამედროვე სომხური ფილმის ჩვენება, რომლებიც სომხური საზოგადოების წინაშე ბოლო ათწლეულების განმავლობაში წამოჭრილი პრობლემებს ახლოს გააცნობს დამსწრე საზოგადოებას.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმების ჩვენება „კავკასიური სახლის“ პროექტ „კულტურის კალენდრის“ ეგიდით გაიმართება.

30 ივლისი
„შუქურა“ (Mayak), გადაღებული 2006 წელს, სომეხი რეჟისორის, მარია სააკიანის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. ყარაბაღის კონფლიქტის დროს ახალგაზრდა ქალი, ლენა, მოსკოვიდან სომხეთის ერთ სოფელში ბებიასა და ბაბუასთან ბრუნდება. თავდაპირველად, მას სურს, მალე დაბრუნდეს მოსკოვში და ბებია-ბაბუა, მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, თან წამოიყვანოს, რათა ისინი მიმდინარე ომის საშინელ შედეგებისგან იხსნას, მაგრამ ეს მალე შეუძლებელი ხდება და ლენაც მალევე ხვდება, რომ ომიდან გაქცევა მისგან თავის დახსნას არ ნიშნავს და მისი სახლი სწორედ აქაა.
ფილმი მოგვითხრობს პატარა ქალაქის მოსახლეობის ყოფის შესახებ ომის დამანგრეველი ქარიშხლის ფონზე.
ეს არაჩვეულებრივად პოეტური ფილმი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. ფილმი გადაღებულია სომხეთში, დევნილების კადრები კი აღებულია საქართველოდან.
ფილმის სცენარისტია გივი შავგულიძე, ხოლო დეიდას ასახიერებს სოფიკო ჭიაურელი. ეს როლი მისთვის ბოლო აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ სომხურ კინოს საუკუნოვანი ისტორია აქვს, მარია სააკიანი გახლდათ სრულმეტრაჟიანი ფილმების პირველი სომეხი ქალი რეჟისორი.
ფილმი რუსულენოვანია და ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბტიტრებით.

31 ივლისი
რეჟისორ ანა არევშატიანის მიერ 2017 წელს გადაღებული ფილმი „დილა მშვიდობისა“ (Bari Luys) მოგვითხრობა სომეხი ჟურნალისტის ცხოვრებაზე, რომელშიც საბჭოთა კავშირის დაშლისა და ყარაბაღის კონფლიქტის დამანგრეველი შედეგების შემდეგ ფეხზე ვეღარ წამომდგარი საზოგადოების მთელი სირთულეები ირეკლება.
ფილმის სიუჟეტი სომხეთის თანამედროვე ცხოვრების აღწერის პარალელურად ჟურნალისტის ბავშვობის მოგონებებსაც დაწვრილებით მიჰყვება და მძიმე 90-იანი წლების სურათებს ხატავს. ქართველი მაყურებლისთვის არაფერია აქ უცხო და მოულოდნელი — სიღატაკე, უშუქობა, პურის რიგები, შეშად გადაქცეული ავეჯი, ომში წასული მამები და ძმები, გაჭირვებული ყოფისგან შობილი განსაკუთრებული სისასტიკე და განსაკუთრებული თანადგომა… არც სომხეთის თანამედროვეობა ქმნის ჩვენგან მკვეთრად განსხვავებულ სურათს — უპერსპექტივო ყოფიდან თავის დაღწევის გზა სომხეთიდანაც დასავლეთში ემიგრაციისკენ მიდის. ჟურნალისტი ცდილობს არ უღალატოს თავის იდეალებს იქ, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრება შეუძლებელს ხდის თავის გადარჩენასთან ერთად პირუთვნელად დარჩენის შესაძლებლობას.
ფილმი სომხურ ენაზეა და ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბტიტრებით.

კინოჩვენებები გაიმართება კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით „კავკასიური სახლის“  ეზოში. (მის: გალაკტიონის #20)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები