ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო ყველა იმ მიზნის და აღიარებული გზის ერთგულია, რომელიც ჩვენ ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან გვაახლოებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნული შიდაპოლიტიკური ნაბიჯით ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
„საქართველო ყველა იმ მიზნის და აღიარებული გზის ერთგულია, რომელიც ჩვენ ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან გვაახლოებს. ამიტომ ამ კუთხით, ამ შიდაპოლიტიკური ნაბიჯით ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეს შეთანხმება თავის თავში გულისხმობდა, რომ შეთანხმება უნდა ყოფილიყო როგორც სახელისუფლო პარტიის, ასევე ყველა ოპოზიციური პარტიის კონსენსუსის ადგილი. პირველ რიგში აქ იგულისხმებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც რიცხობრივად ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიაა და პარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქცია გააჩნია. მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, აგრეთვე სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, მათ შორის „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ არ მოაწერეს ხელი ამ შეთანხმებას და ისინი ყოველ მხრივ ბოიკოტირებას უწევდნენ ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ არა მარტო პუნქტებს, არამედ მთლიანად სულისკვეთებას. მათი პარლამენტში შემოსვლა ყოველთვის დაკავშირებული იყო მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტში დებოშის და დესტრუქციის ატეხვასთან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.