„პროგნოზების გაკეთება უკვე შეიძლება: ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ვერ მოუგებს“ – გიორგი ცუცქირიძე

ანალიტიკოს გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ვერ მოუგებს.
ოქტომბერში გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.
„ადგილობრივ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, გარკვეული პროგნოზების გაკეთება უკვე შეიძლება, თუ ვინ როგორ ხვდება მოახლოებულ არჩევნებს და ვის რა შანსები აქვს.
ოპოზიციისათვის, ყოველ შემთხვევაში, მისი დიდი ნაწილისათვის, ეს არჩევნები, რომ ფაქტობრივად, რეფერენდუმის დატვირთვას ატარებს, ამას თავადვე ახმოვანებენ.
ის, რომ ოპოზიცია ვერც ერთად, „ნაციონალებთან“ დაწყვილებული და მით უმეტეს, ცალკე რომელიმე, „ქართულ ოცნებას“ ვერ მოუგებს ვერც მერების არჩევნებში და ვერც საკრებულოებში უმრავლესობის მოპოვებით – ესეც ცხადი უნდა იყოს.

ოპოზიციას კიდევ ჰქონდა შანსი და ისიც თეორიული, თუ ერთიანი ფრონტით გამოვიდოდა. დღეს ერთადერთი ამოცანა „ოცნების“ მიერ, ე.წ ჩამკეტ ბარიერად წოდებული 43 პროცენტის ვერგადალახვა წარმოადგენს, რაც მიშელის ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითვალისწინებს.

ოპოზიციის გაერთიანებაც მელია-ხოშტარია- ჯაფარიძის ტრიუმვირატში ერთიანი ოპოზიციური გამწევი ფრონტის ასოციაციას სიმბოლურად თუ ატარებს. ვერც ამ გაერთიანების გაპიარება გამოდის, პოლიტიკური მრავალფეროვნების, თუ კოალიციურობის მოდელის წარმოჩენით, “ევროპულ საქართველოსთან” ერთად, რადგან ყველა სახე , ფაქტობრივად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ქვეგანაყოფებმა, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, რაიმე სერიოზული შედეგი ვერ დადეს, განსაკუთრებით „ევროპულმა საქართველომ“, რომელმაც სულაც სრული ფიასკო განიცადა, ხოლო „გირჩი“ ორ ნაწილად დაიშალა. ცნობილი გამონათქვამის უტრირება, რომ მოვახდინოთ – სახელთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.

რეალურად, ახლა საარჩევნო ფორმატში ტრანსფორმირებული „ნაციონალური მოძრაობა“, მთლიანად გახარიას ფაქტორზეა დამოკიდებული.

მელიას გარშემო ყოფილი „ნაცების“ გაერთიანება არა თუ ვერ გაზრდის ელექტორატს, არამედ ფორას „ქართულ ოცნებას“ უფრო მიცემს და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ოპოზიციის ასეთი „ნაციონალური“ შეფერილობის კონფიგურაციის შემთხვევაში, „ნაცების“ მობრუნების შიში ამჯერად არ იმუშავებს, ძალიან ცდება. თავის მოტყუებაა იმის იმედად ყოფნაც, თითქოს მართველ პარტიას ხელისუფლებაში დარჩენის რესურსი ამოწურული აქვს, საპარლამენტო მოდელში, საპრეზიდენტო მართველობისაგან განსხვავებით, ორზე მეტი ვადით დარჩენის საკონსტიტუციო ლიმიტირებისაგან განსხვავებით.
თითქმის 7- თვიანი ბოიკოტირების, პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე გამართული იწილო-ბიწილოს, თუ ურთიერთბრალდებების ფონზე, რასაც შემდეგ ერთვიანი საპარლამენტო საქმიანობის შოუდ და ობსტრუქციად გადაქცევა მოჰყვა, ოპოზიციამ ბევრი წააგო და ეს ამ არჩევნებამდე, წინასაარჩევნო კვლევებშიც კარგად გამოჩნდება.

საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, ახლა „ნაცოპოზიციამ“ საწინააღმდეგო რაც არ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ თქვა უარი ამ ბერკეტის გამოყენებაზე“ – წერს ცუცქირიძე „ფეისბუქში“.

მისივე თქმით, ხელისუფლების აქტივში , ახალი „ლოქდაუნის“ ნაცვლად, ეკონომიკის მართვის შედარებით მოქნილ ფორმებზე გადასვლაც უნდა ჩაითვალოს.

„ხელისუფლების უდაო აქტივად უნდა ჩაითვალოს ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების ტენდენციებიც. წლის პირველ 6 თვეში ორნიშნა, 12 – პროცენტიანი ზრდა არა თუ რეგიონის, არამედ მსოფლიოშიც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. მაღალი ზრდის პირობებში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან ერთად, სავალუტო კურსის გამყარებაც, ინფლაციის შემცირებაზე და სამომხმარებლო ფასებზე პოზიტიურად აისახება, რაც ასევე ხელისუფლების აქტივში უნდა ჩაითვალოს.
ხელისუფლების აქტივში უნდა ჩაითვალოს, მიუხედავად კოვიდპანდემიის ახალი შემოტევისა, ახალი „ლოქდაუნის“ ნაცვლად, ეკონომიკის მართვის შედარებით მოქნილ ფორმებზე გადასვლაც, ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებით.

მართალია, თბილისში 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები და ჟურნალისტურ კორპუსზე ძალადობის ესკალაცია, ხელისუფლების აქტივად ვერ ჩაითვლება, მაგრამ გამოძიება გრძელდება, მას აკვირდება საერთაშირისო საზოგადოებაც და საბოლოო დასკვნების გამოტანა, პროცესებში ხელისუფლების კვალზე, რასაც ოპოზიცია ასე ცდილობს წარმოაჩინოს, ჯერ კიდევ ნაადრევია!

„ნაცოპოზიციის“ უშანსობას ის გარემოებაც ამძაფრებს, რომ მთელი მათი იმედი სხვაზეა დამოკიდებული და ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას უკავშირდება. გახარიას პარტიას „საქართველისთვის“ ნანდვილად აქვს იმის შანსი, რომ შედეგი დადოს, ოღონდ კიდევ საკითხავია,ხმებს ვის უფრო წაართმევს, „ოცნებას“, თუ ოპოზიციას. დიდი ალბათობით, იგი წაიღებს, არა იმდენად „ოცნების „ტრადიციულად მხარდამჭერი ელექტორატის ხმებს, რისი იმედიც ოპოზიციას აქვს, არამედ ხელისუფლებაზე გაბრაზებული ანტინაცი და განსაკუთრებით, მერყევი ამომრჩევლის ხმების ნაწილს, რომელიც ოცნებას ისედაც დაკარგული ჰქონდა. ამით ხმებს „ლელოსაც“ წაართმევს და ვაშაძე ჯუნიორსაც, საბოლოო ჯამში კი ისევ ოპოზიციას, რადგან გახარია თუ მის უკვე წინასაარჩევნო განცხადებებსაც გავაანალიზებთ და პოლიტიკის ლოგიკას დავეყრდნობით, ეცდება თავად გახდეს „ოცნების“ ალტერნატივა.
სწორედ, ეს ფაქტორი ამცირებს რა ოპოზიციის შანსებს ვადამდელზე, ზრდის „ოცნების“ შანსებს მოიგოს ეს არჩევნებიც, ყოველგვარი ვადამდელის გარეშეც“ – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები