ბიძინა კულუმბეგოვი: ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ამ ვაქცინებს მამაკაცის რეპროდუქტიულ ცვლაზე ან ქალბატონის შვილოსნობის უნარზე გავლენა არ გააჩნია
ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ამ ვაქცინებს არავითარი გავლენა მამაკაცის რეპროდუქტიულ ცვლაზე ან ქალბატონის შვილოსნობის უნარზე არ გააჩნია, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა, ,,რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო 1 მილიონ მოსახლეზე სიკვდილობის მაჩვენებლით მსოფლიოში მე-12 ადგილზეა.
“ყველა კვლევა, რომელიც ჩატარებულია, იგივე pfizer-თან მიმართებაში, ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სინგაპურის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა, ყველა ეს მონაცემები აჩვენებს, რომ არავითარი გავლენა მამაკაცის რეპროდუქტიულ ცვლაზე ან ქალბატონის შვილოსნობის უნარზე არ გააჩნია აბსოლუტურად ამ ვაქცინებს და მსგავსი რამ სტატისტიკურად და მეცნიერულად არ დასტურდება და მითებს და არასწორ ინფორმაციას ნუ ჩაეჭიდებიან.
ჩვენ თუ გვეყოლება მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლადი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილი და ამას მივაღწევთ და ეს უნდა გავაკეთოთ აუცილებლად, სხვანაირად არ გამოვა მართვა, შეიძლება იყოს დადებითი შემთხვევები, მაგრამ ჩვენ არ გვექნება მაღალი ჰოსპიტალიზაცია და არ გვექნება სიკვდილობის ეს ციფრები. თითქოს მივეჩვიეთ, 20 ადამიანი მოკვდა, 26 მოკვდა და მარტო ციფრების სახით ვუყურებთ და იმის უკან რა დგას და რამხელა ტკივილი დგას, ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ყველას გვესმოდეს. საქართველო 1 მილიონ მოსახლეზე სიკვდილობის მაჩვენებლით დღეის მონაცემით მსოფლიოში გახლავთ მე-12 ადგილზე. ეს არის ტრაგედია,“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.