UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე: მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესრულებისთვის – მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისთვის
ჩემთვის დიდი პატივია, UNESCO-ს სახელით მივულოცო საქართველოს „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შესვლა.
„კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ წარმოადგენს უძველესი და უნიკალური სახეობების ჰაბიტატს, რომელიც მილიონობით წლის წინ გადაჭიმული იყო ევრაზიის კონტინენტზე და დღემდე შემორჩენილია პირვანდელი სახით.
მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესრულებისთვის – მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისთვის! თქვენ დაამტკიცეთ, რომ ადამიანები დედამიწის ნებისმიერ ადგილას ცდილობენ მომავალ თაობებს შეუნარჩუნონ ყველაზე მნიშვნელოვანი საგანძური და მემკვიდრეობა!, – განაცხადა UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ კულტურის დარგში, ერნესტო ოტონემ. ჩინეთის ქალაქ ფუჟოუში, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს 4 დაცული ტერიტორია – კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.